მოგესალმებით მეგობრებო! დღეს საინტერესო და საკმაოდ მოთხოვნადი ქვა უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა სათაურიდან გეცოდინებათ, რომ ტიბეტურ ძი-ზე უნდა გესაუბროთ, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული ქვაა.
ჩემს მომხმარებელს არაერთხელ უკითხავს ინფორმაცია ძისთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ თავადაც გამიკვირდა, თუ ამდენი ხანი რატომ არ მივუძღვენი ამ ქვას დამოუკიდებელი სტატია? ალბათ იმიტომ, რომ ტიბეტური ძი უფრო თილისმაა, ვიდრე პირდაპირი გაგებით კრისტალი ამიტომაც მის შესახებ დაწვრილებითი და სწორი ისტორიული ინფორმაციის მოძიება არც ისეთი მარტივია.
თავისთავად ქვის პოპულარობიდან გამომდინარე ინტერნეტში არსებობს საკმაო რაოდენობის დეზინფორმაცია, სადაც სხვადასხვა “ქვების მცოდნე” ტიბეტურ ძის, ყოველგვარი საბუთისა და ისტორიული ცნობის გარეშე უამრავ მითს, ლეგენდასა და თვისებას მიაწერს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ძით დავვინტერესდი მის შესახებ ინტერნეტში აბსურდული ინფორმაცია იყო მიმობნეული, დღეს ისტორიულ-ანტიკვარული კვლვები ბევრად მეტია და უფრო მარტივადაა შესაძლებელი ამ ქვის საიდუმლოს გაგება.
სანამ ქვის განხილვას შევუდგებით აუცილებლად უნდა გავეცნოთ ტიბეტური ძის ისტორიასა და სახეობებს. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ძის წარმომავლობის ისტორია საკმაო ბურუსითაა დაფარული. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ ტიბეტური აქატის ძი ტიბეტური წარმოშობის სულაც არაა, ის ტიბეტში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს მოხვდა, როდესაც ტიბეტელმა ჯარისკაცებმა, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ სახლში ასი ათასობით ძის ქვა ჩამოიტანეს.
ტიბეტურად ძი (გამოითქმის ზი) ნიშნავს ნათებას და სიკაშკაშეს. ტიბეტელებმა ძის ქვა ავი თვალისგან დამცავ თილისმად მიიღეს და თავადაც შეუდგნენ წარმოებას. მალე ძის ამულეტმა ინდუსის ხეობის ცივილიზაციებში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები, რომ ქვის წარმომავლობის შესახებ ზუსტი პასუხი არავის აქვს.
ინდური აქატის ან სარდიონის ქვები კაჟის ნატეხების დახმარებით შუაში იხვრიტებოდა და გარშემო სხვადასხვა ნახატებით იხატებოდა. ხაზებს, წრეებს, უცნაურ ორნამენტებს ქვაზე მომუშავეები უმეტეს შემთხვევში ტვიფრავდნენმ მტვერს კი სამკურნალოდ იყენებდნენ.
უფრო იშვიათ შემთხვევებში ქვას ათეთრებდნენ სხვადასხვა მეთოდებით, მაგალითად თუ ქვაზე ზოლების გამოხატვა უნდოდათ, ზოლების ადგილებს აცხელებდნენ, ხოლო მათ გარშემო, ქვის დასაცავად ცხოველის ცხიმს, თიხას ან ცვილს იყენებდნენ. ამ შემთხვევაში გამოჩენილი მხარე უფერულდებოდა, ხოლო დაცული ადგილი იგივე ფერის რჩებოდა.
ანტიკურ დროში ძის იშვიათობის გამო ხშირად ეგონათ, რომ აქატის ქვას ორნამენტები ნატურალურად უჩნდებოდა. ძის ღვთიურ საჩუქარად მიიჩნევდნენ, ხშირად ქვას სამკაულად ატარებდნენ ავი თვალისგან დასაცავად, მიწაზე მომუშავეები კი ქვას სპეციალურ ადგილას მარხავდნენ ნაყოფიერი მოსავლისთვის.
ანტიკური დროის ტიბეტური აქატის ძი რა თქმა უნდა კოლექციონერებისთვის საინტერესო ექსპონატია, ამიტომაც ორიგინალი ქვების შოვნა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე ძის აქტიურად დამზადება უკვე მეთვრამეტე საუკუნეში, გერმანიაში იყო დაწყებული.
დღესდღეობით თანამედროვე აქატის ძის ქვები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, ასევე თავად ტიბეტში, სადაც მას სიმშვიდის, ჰარმონიისა და სულიერი ბალანსის ქვად მიიჩნევენ.
ნანახი გექნებათ თანამედროვე ტიბეტური ძი რამდენიმე დასამახსოვრებელი ორნამენტით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ცხრა თვალა ძია.
შევეცდები გაგიზიაროთ 1 დან 21 თვალამდე ძის ქვები და მათი აღწერები.
ერთ თვალა ძი – ითვლება სინათლისა და მზის სიმბოლოდ, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სიბრძნე, მახვილგონიერება და ბედნიერება.
ორ თვალა ძი – მიიჩნევა ოჯახის ბედნიერების მომტან ქვად. ცოლქმრის ჰარმონიული ურთიერთობისა და თანაცხოვრების სიმბოლოა.
სამ თვალა ძი – მიიჩნევა იღბალის, სიმდიდრისა და წარმატების ქვად. ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს დღეგრძელობა და ბედნიერება.
ოთხ თვალა ძი – მიიჩნევა რომ იცავს თვალისგან, ნეგატიური გარემოსგან და არასაჭირო ხალხისგან. ხშირად იყენებენ დაბრკოლებების მოსაშორებლად.
ხუთ თვალა ძი – ძალაუფლების მოსაზიდ ქვად მიიჩნევენ, ამბობენ რომ აერთიანებს ოთხი ელემენტისა და სიცარიელის დატვირთვას. ამ ქვის მფლობელს არასოდეს მოაკლდება სიმდიდრე თუ სულიერ გზას სწორად გაივლის.
ექვს თვალა ძი – ბედნიერების მომტან ქვად მიიჩნვა, რომელსაც ნებისმიერი ტკივილისა და ცუდი ხასიათის განდევნა შეუძლია.
შვიდ თვალა ძი – პოპულარობის, ცნობადობის, კარიერისტებისა და დიდების მიღწევისთვის მოწადინებული ადამიანების ქვაა.
რვა თვალა ძი – ჰარმონიის, წონასწორობისა და სიმშვიდის ქვა, რომელიც ადამიანს დასახული გზის გავლაში ეხმარება.
ცხრა თვალა ძი – იღბალისა და სიმდიდრის ქვა. მფლობელის ცხოვრებაში მოაქვს ხანგრძლივი ჯანმრთელობა, შემოსავალი და ბედნიერება.
ათ თვალა ძი – ავტორიტეტის შენარჩუნებისა და გაძლიერების ქვა, რომელიც მფლობელს დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება.
თერთმეტ თვალა ძი – სუფთა გონებისა და აზრების ქვა, რომელიც ხელს უწყობს იდეების სწორად განხორციელებას. განსაკუთრებით ხშირად ატარებენ ბიზნესმენები.
თორმეტ თვალა ძი – რისკის მოყვარულების ქვა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში წარმატებისა და ცნობადობის მომტანია.
ცამეტ თვალა ძი – ილუზიებისგან განთავისუფლების, სწორი გზისა და მიმართულების, თავდაჯერებულობისა და მიზანსწრაფვის ქვა. ხსნის გონებას, ამბობენ, რომ კარგი ქვაა პრაქტიკოსი ეზოთერიკოსებისთვის.
თოთხმეტ თვალა ძი – ხშირად იყენებენ მედიტაციისთვის და კონცენტრაციისთვის, მიიჩნევა ინტუიციის ქვად.
თხუთმეტ თვალა ძი – ნეგატიურობის განმდევნი ქვა, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს შანსები, სიბრძნე და იღბალი.
თექვსმეტ თვალა ძი – სანუკვარი სურვილებისა და ფიქრების ქვა. ხშირად ამ ქვაზე უთქვამდნენ სურვილებს, რომელთა სხვებისთვის გამხელა არ შეეძლოთ.
ჩვიდმეტ თვალა ძი – ეს ქვა ადამიანის პირადი ენერგიის გაწმედისთვის გამოიყენებოდა, რომელიც სხვების თვალში მფლობელს სწორი კუთხით წარმოაჩენდა.
თვრამეტ თვალა ძი – მიდრეკილებებისა და ცუდი თვისებების ქვა, რომლის დახმარებითაც ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების დაბრუნება შეუძლია.
ცხრამეტ თვალა ძი – მიზნების, სურვილებისა და მისწრაფებების ქვა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მიზნების სწრაფად განხორციელებას უწყობს ხელს.
ოც თვალა ძი – საკრალული ქვა, რომელიც ადამიანის აურის გაწმენდისთვის გამოიყენება, მას ტრადიციულად უფრო ღრმა სულიერი დანიშნულებაც აქვს, რომლის დახმარებითაც ადამიანს ცხოვრების ციკლის შესრულებაში და რეინკარნაციაში ეხმარება.
ოცდაერთ თვალა ძი – ამ ქვას ხშირად ოცნებების შემსრულებელს ეძახიან, ითვლება ავტორიტეტების ქვად, რომელიც მფლობელს წინსვლაში ეხმარება.
ასევე არსებობს მოზრდილი ძის ქვები, მაგალითად ორმოცდათვრამეტ თვალა ძი, სამოცდათორმეტ თვალა ძი, ასრვა თვალა ძი და სამას სამოცდახუთ თვალა ძი.
ასეთი გამოვიდა ტიბეტური ძის ზოგადი მიმოხილვა, ინფორმაციის ძიებისას ბევრ საინტერესო მითს და ლეგენდას წავაწყდი, რომლის შესახებაც დაწვრილებით ალბათ ცალკე სტატიაში ვისაუბრებ.
სიყვარულით, კელისგან <3