ძვირფასი ქვები უძველეს კულტურებში – შუმერები, ეგვიპტე, საბერძნეთი.

მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან ძალიან ძალიიიაანნ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო.

ამ სტატიაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ, როდესაც ისტორიას, წლებს და თარიღებს ეხება საქმე, ყოველთვის ვცდილობ დრო არ დავზოგო და რაც შეიძლება კარგად გავერკვე ყველაფერში და მხოლოდ ამის შემდეგ მოგაწოდოთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის წიგნი, საიტიაა, სადაც ნებისმიერ წამს არის შესაძლებელი შეცდომის ჩასწორება, მაგრამ მაინც, ისტორიული ფაქტები, დიდ ყურადღებას და გადამოწმებას მოითხოვს.

მოდით გადავიდეთ საქმეზე!

სამკაული! ქვები! ყველას გვიყვარს, რომ არ გვიყვარდეს არც მე დავწერდი ამ პოსტს და არც თქვენ შემოხვიდოდით მის წასაკითხად. მაგრამ მაინც, რა არის ქვებში ასეთი განსაკუთრებული, რომ კაცობრიობის დასაბამიდან, უძველეს კულტურებში ვხედავთ მათ გამოყენებას.  ქვები ოდითგანვე, გარდა სილამაზისა, ძალიან დიდ დათვირთვას ატარებდნენ, სამკაული იყო ადამიანის სიმდიდრისა და სტატუსის მაჩვენებელი, დღესაც, განსაკუთრებულად იშვიათი, ბრჭყვიალა, კაშკაშა და ექსკლუზიური ქვები, პრესტიჟის,  და კონკრეტული პიროვნების გემოვნების გამომხატველია. ამიტომაც ეს სფერო და განსაკუთრებით იშვიათი ქვები ადამიანისთვის ყოველთვის დიდი მისწრაფების და სურვილის საგანი იყო.

ასევე არ გამოგვრჩეს რელიგია! რელიგიის ისტორიის მანძილზე ქვებს უდიდესი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდათ. შორს ნუ წავალთ, გადავხედოთ ქართულ კულტურას და რელიგიას, ხატების ქვებით შემკობას არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ საკმაოდ დიდი სულიერი დატვირთვა ჰქონდა, ნებისმიერი ისტორიკოსი გეტყვით, რომ ქვების ხატებზე განლაგების, მკაცრი წესები არსებობდა, ეს არ იყო შემთხვევითი ქვების ნამუშევარზე მიმობნევა.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი 

რომ არ დავიბნეთ, ქრონოლოგიურად მივყვები კულტურებს, უძველესიდან უახლესამდე.

მესოპოტამია

ვიცი, ყველას გინდათ ეგვიპტეზე ვისაუბრო, მაგრამ სანამ მაქამდე მივალ, მინდა შუამდინარეთით (მესოპოტამია) დავიწყო. შუამდინარეთი მოიცავდა ერაყისა და  სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს და ირანისა და თურქეთის მცირე ტერიტორიებს. უძველესი შუმერული ქალაქის, ურის სამარხები 1922-1934 წელს სწორედ ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინა არქეოლოგმა სერ ჩარლზ ლეონარდ ვულიმ. აღმოჩენა მთლიანობაში 16 სამარხსა და 1800 საფლავს მოიცავდა. ამ აღმოჩენამ უდიდესი ინფორმაცია მოგვცა შუმერების სამკაულისა და ჩაცმულობის შესახებ.

შუმერები, მაღალი ფენის წარმომადგენლებს სამკაულთან და ძვირფასეულობებთან ერთად მარხავდნენ, მაგალითად დედოფალი პუ-აბის სამარხში 45 კილომდე, 1500 სხვადასხვა ოქროს და არამარტო ოქროს სამკაული აღმოაჩინეს.

რა თქმა უნდა სათითაო ნივთს ამ სტატიაში ვერ განვიხილავ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბრო იმ სამკაულებზე, რომლებშიც ქვები იყო გამოყენებული. იმის ავითვალისწინებით, რომ ეს ნაკეთობები ძვ.წ 2500-2300 წლებში არის შექმნილი, კიდევ უფრო გასაოცარია მათი სილამაზე და დამუშავების ტექნიკები. ქვების დამუშავება დღესაა პრობლემა და წარმოიდგინეთ მაშინ, რამდენად უფრო მეტს ნიშნავდა თითოეული ქვა, ოქროს ბურთი თუ სკულპტურა. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიმართლე რომ გითხრათ, დღევანდელ, თანამედროვე სამკაულსა და მაშინდელ, შუმერულ სამკაულს შორის ძალიან დიდ მსგავსებას იპოვით. ნახავთ, რაზეც ვსაუბრობ, განხილვაზე რომ გადავალთ.

როდესაც ქვებზე მიდის საქმე, შუმერები იუმეტესად ყენებდნენ ლაზურიტს, სარდიონს, აქატს, იასპს და მარმარილოს, ეს რა თქმა უნდა ლოკაციაზეც იყო დამოკიდებული, მაშინ ქვების იმპორტ-ექსპორტი ძალიან შეზღუდული იყო, კონკრეტულად ლაზურიტი მოიპოვებოდა დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე, სანამ ქვები შუმერებამდე მოვიდოდნენ საკმაოდ დიდი გზა უნდა გაეარათ, რაც დიდ რესურსებთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც ეს ქვა სიმდიდრის პირველ მაჩვენებელად ითვლებოდა და შუმერებს ყველაფერზე მეტად უყვარდათ.

მიუხედავად ქვების მცირე არჩევანისა, შუმერული სამკაული გამოირჩევა ფერთა შეხამებით და დახვეწილი გემოვნებით, დარწმუნებული ვარ გინახავთ მსგავსი დიზაინით დამზადებული სამკაული, რომელსაც დღეს ძალიან ინოვაციურ, “ვინტაჟულ” სტილად მივიჩნევთ, თურმე ამასაც შუმერებს უნდა ვუმადლოდეთ.  

გარდა ამისა, ქვების ჭრა და გაპრიალება იმდენად მაღალი დონითაა შესრულებული, რომ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს შუმერელმა სამეფო კარის დიზაინერებმა ლაზურიტები 2 კვირის წინ იყიდეს რომელიღაც პრესტიჟულ გამოფენაზე.

 

ეგვიპტე

ახლა, უნდა გადავინაცვლოთ ძველ ეგვიპტეში. დამიჯერეთ ეს ამბავი ძალიან მახარებს, ვის არ უყვარს ეგვიპტური კულტურა, იეროგლიფები, ისტორია და საიდუმლობი?  მე პირადად ბავშვობიდან მანცვიფრებდა ეს სამყარო, მათი შეუდრეკელი გამძლეობა, ჩაცმულობა და თავისთავად სამკაული! დღევანდელ დღესაც კი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ეგვიპტური სტილის გარჩევას.

ამ განხრით ეგვიპტე განთქმულია!

სამკაულის დამზადების ტექნოლოგიებზე, მათ სირთულეზე და მრავალფეროვნებაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ქვების განხრით, აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ამ სფეროს.

ჩვენი ამ ულამაზეს კულტურასთან გაცნობა, რა თქმა უნდა აღმოჩენით დაიწყო. 1922 წელს, განძით სავსე, ეგვიპტის, მეთვრამეტე დინასტიის, ახალგაზრდა მმართველის, ტუტანხამონის (1334-1325 ძვ.წ), აკლდამა, ბრიტანელმა, არქეოლოგ/ეგვიპტოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა.

ტუტანხამონის მმართველობის პერიოდი, ეგვიპტის ისტორიის შუა წერტილია, ამიტომაც, არსებობს აღმოჩენები, რომლებიც ამ პერიოდზე საუკუნეებით ძველია, და ბევრად უფრო მარტივი ტექნიკით არის დამზადებული, ხშირად იყენებდნენ თიხას, სხვადასხვა მძივის ასხმებს, უბრალო ქვებს და ნიჟარებს.

დაახლოებით 2600 წელს, ძვ.წ, ეგვიპტეში ოქრომჭედლობას ჩაეყარა საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობები საკმაოდ მარტივი და დღევანდელი გადმოსახედიდან არც ისეთი აღსაფრთოვანებელი იყო, მაშინვე ჩანდა გამოკვეთილი სტილი და მიმართულება. მაგალითად ცნობილი და ეგვიპტელებისთვის დამახასიათებელი ყელსაბამ-საყელოები, ოქრომჭედლობამდე უბრალო თიხით მზადდებოდა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ფერად ღებავდნენ.

 საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ეგვიპტური სტილი არ იცვლებოდა, მაგრამ გაიზარდა სხვადასხვა ქვების გამოყენება, როგორებიცაა ლაზურიტი, ფირუზი, ამეთვისტო, სარდიონი, ობსიდიანი და კვარცი. გაითვალისწინეთ, რომ იმ პერიოდში ქვების დამუშავება და გაპრიალება შესაძლებელი იყო, მაგრამ ქვებისგან თვლებს არ ამზადებდნენ. გარდა ამისა, ეგვიპტური სამკაული კარგად იყო მორგებული კლიმატზეც, მაგალითად ყველაზე ცნობილ ყელსაბამ-საყელოებს, პირდაპირ შიშველ მხრებზე, არამხოლოდ სამეფო კარზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, დაბალი ფენის წარმომადგენლებიც ატარებდნენ. რა თქმა უნდა სამეფო კარზე ოქროთი და ძვირფასი ქვებით ამზადებდნენ სამკაულს, საშუალო და დაბალი ფენა შედარებით დაბალფასიან მატერიალს სჯერდებოდნენ, როგორიც იყო ქვები, და მომინანქრებული თიხა. მაგრამ ზოგადად, უმეტესი ყელსაბამ-საყელოების სტილი თითქმის იდენტური იყო.

ეგვიპტელებს თურმე საყურეები ძალიან უყვარდათ, მათ მხოლოდ ქალები არ ატარებდნენ, ბიჭებისთვისაც საკმაოდ მიღებული იყო საყურის ტარება, მაგრმ ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ კონკრეტულ ასაკამდე. ტუტანხამონის აკლდამაში არის ნაპოვნი ულამაზესი ოქროს საყურეები, რომელზეც ტარების კვალია, მიიჩნევა, რომ ამ საყურეებს თავად ტუტანხამონი ატარებდა ყაწვილობის პერიოდში. ამ საყურეში, გასაოცარი მომინანქრების ტექნიკაა, გამოყენებული. ჩიტის თავები ლურჯი საღებავითაა დაფარული. როგორც შუმერებში ასევე ეგვიპტელებში ლურჯი ფერი ძალიან პპულარული იყო, ამიტომაც მინანქარსა და ლაზურიტს ხშირად იყენებდნენ.  შიჩიტი ჰიბრიდია, იხვის თავით  და არწივის ფრთებით, რომელსაც ბრჭყალბში უსასრულობის ნიშანი უჭირავს. საყურე მომინანქრებულია ფერადი შუშით, კვარცისა და კალციტის ნატეხებით.

დიდი გულსაკიდები გამოირჩევიან დახვეწილი ტექნიკით და სიზუსტით, თითქოს ეგვიპტელი ოქრომჭედლები განსაკუთრებულად ინდომებდნენ გულსაკიდების დამზადებას, არცაა გასაკვირი, რადგანაც უმეტესად გულსაკიდებზე გამოსახული იყო სხვადასხვა დამცავი სიმბოლოები და იეროგლიფები. მაგალითად ტუტანხამონის ცნობილ გულსაკიდზე, რომელსაც დღეს “ჰორისის თვალს” ვუწოდებთ, გამოსახული არიან მისი მფარველი ღვთაებები, ორბი, კობრა და რა თქმა უნდა ჰორისის თვალი. გაფორმებულია ლაზურიტის ქვებით.

ეგვიპტური სამაჯურები უმეტესად ხელზე მჭიდროდ მიმჯდარი, მანჟეტის სტილის იყო, რომელსაც აფორმებდნენ სხვადასხვა ქვებით. სხვა შემთხვევებში  იყენებდნენ ლაზურიტის, წითელი იასპის, ამეთვისტოს, ობსიდიანის და ფირუზის მძივებს, (ბისერებს), რომლებსაც სხვადასხვა საინტერესო სტრუქტურისა და შაბლონის მიხედვით აწყობდნენ.

როდესაც ეგვიპტურ სამკაულსა და ქვების გამოყენებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ, მართლაც რომ სრულყოფილი და უნაკლო, ტუტანხამონის დამკრძალავი ნიღაბი, რომელიც 10 კილოს იწონის და გაფორმებულია უამრავი ულამაზესი ქვით, მაგალითად თვალების გარშემო და წარბები ლაზურიტია, თვალების თეთრი ნაწილი – კალციტი, გუგები – ობსიდიანი.

ასევე გამოყენებულია სარდიონი, ფირუზი, ფლედსპარი და უცნობი მატერიალი, რომელიც თავიდან ქალცედონი ეგონათ, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ქვა, უდაბნოს შუშა უფრო იყო, რომელსაც ბევრი საერთო ქონდა კვარცთან, მაგრამ მათი სტრუქტურები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ტუტანხამონის თავსაფარზე გამოსახულია მისი დამცავი სიმბოლოები, ორბი და კობრა, რომლებიც ასევე გაფორმებულები არიან სხვადასხვა ქვებით.

ეგვიპტელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბეჭდის ტარება. ადრეულ პერიოდშიც კი ეგვიპტელები მარტივად დამზადებულ, პირად, ნიშნის ბეჭდებს ატარებდნენ. ამ ბეჭდისა და ცვილის მეშვეობით ეგვიპტელები ლუქავდნენ დოკუმენტებს, პირადი ბეჭდები პრაქტიკულად ხელმოწერას ნიშნავდა. იმ პერიოდში, ადამიანის პირადი ბეჭედის მიერ დამღა დასმული დოკუმენტი, მნიშვნელობით დღევანდელ, ხელმოწერილ, ლეგალურ დოკუმენტს უტოლდება. ამიტომაც დროთა განმავლობაში ბეჭდები დაიხვეწნენ და ორქომჭედლებმა ქვების გამოყენებაც დაიწყეს.

მოძრავი ოქრის ნიშნის ბეჭედი, მწვანე იასპის ქვით.

მსგავსი ნიშნის ბეჭდებს ძალიან ბევრ კულტურაში შევხვდებით, განსაკუთრებით საინტერესო ექსპონატები ბერძნებს აქვთ.

საბერძნეთი

მანამ სანამ საბერძნეთში მეტალურგიას შეისწავლიდნენ, სამკაული მზადდებოდა თიხისა და სხვადასხვა ნახევრადძვირფასი ქვებისგან. ბრინჯაოს ხანის შემდეგ ბერძნებმა უფრო და უფრო რთული სამკაულის დამზადება დაიწყეს, საბოლოოდ როგორც უმეტეს კულტურებში, ბერძნებისთვისაც სამკაული გახდა ფუფუნებისა და სტატუსის გამომხატველი საგანი, გარდა ამისა, სამკაული აღიქმებოდა როგორც ძალაუფლების, სოციალური სტატუსის, ხშირ შემთხვევაში ავი თვალის, ბოროტის ასარიდებელი და დამცავი სიმბოლო. ოქროს უმეტესად ქალები ატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს, მესოპოტამიისა და ეგვიპტის სამიათას წლიანი გავლენა ქონდათ, მათ მაინც შეძლეს თავისი სახასიათო სტილის ჩამოყალიბება, რომელსაც დღესაც ვცნობთ და ვაკავშირებთ ძალიან საინტერესო და ძლიერ კულტურასთან.

ძვ.წ 300 წელი.


მიკეანური საბერძნეთის გაძლიერებამ, ოქრო პირველ და უმთავრეს მეტალად აქცია, რა თქმა უნდა ვერცხლი და ბრინჯაოც საკმაოდ პოპულარული იყო. ამ პერიოდში განსაკუთრებით დაიხვეწა ბეჭდების და გულსაკიდების დამზადება, მაგრამ, მიკეანური ცივილიზაციის დაცემამ და ამისგან გამოწვეულმა ბნელმა პერიოდმა ბერძნული ცივილიზაცია და მათი კულტურა კინაღამ განადგურდა. ბნელი პერიოდი, სამასი წლის თავზე (1000-750 ძვ.წ.) ოქროს ხანამ ჩაანაცვლა, ამ პერიოდის შემდეგ, დაიწყო საბერძნეთის არქიტექტურის, ფილოსოფიისა და ზოგადად კულტურის აღორძინება და რა თქმა უნდა, სამკაულის დამზადების ტექნოლოგიებიც დაიხვეწა. სწორედ ამ პერიოდში, ბერძნებმა დაიწყეს ფართოდ გამოყენებადი ქვების არსენალის შევშება და გამდიდრება. მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვა მოგეხსენებათ, ამეთვისტოა, ასევე ხშირად იყენებდნენ მარგალიტს, ქალცედონს, საფირონს, ლალს, ძოწს, ზურმუხტს და სხვა ნახევრად ძვირფას ქვებს.
ქვები უმეტესად სხვადასხვა ლოკაციებიდან, აბრეშუმის გზის გავლით, აზიიდან, შრი ლანკიდან და ინდოეთის ტერიტორიიდან ჩამოქონდათ.

ამეთვისტო და ოქრო
ჩვ.წ. 1-2 საუკუნე

როგორც უკვე ვთქვი, ბერძნებს ნიშნის ბეჭდები განსაკუთრებით უყვარდათ. ანტიკური საბერძნეთის ისტორიკოსი, ჰეროდოტე ამბობს, რომ როდესაც ეგვიპტის მეფე – ამასისმა, პოლიკარტეს, კუნძულ სამოსის (535-522 ძვ.წ ) მმართველს (ტირანს), მისი საგანძურიდან, ერთი, უსაყვარლესი ნივთი გამოერჩია, პოლიკარტემ ზურმუხტის ქვიანი ნიშნის ბეჭედი ამოარჩია.

ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე არაერთ წყაროშია ინფორმაცია ნაპოვნი. როგორც ეგვიპტეში, საბერძნეთშიც განსაკუთრებულად პოპულარული იყო ამოკვეთილი ქვები, მათ იყენებდნენ როგორც ხელმოწერას და ასევე როგორც დამცავ ქვას და თილისმას.

ძვ.წ 4-3 საუკუნე. აქატის ქვა.

ოქრომ და ქვების გამოყენებამ ბერძნებში, ალექსანდრე დიდის მმართველობის ( ძვ.წ 336 -323 ) და განსაკუთრებით სპარსეთზე გამარჯვების შემდეგ იმატა. გაიზარდა სპარსული კულტურის გავლენა, რაც სამკაულის სტილში იმჩნევა.

ძვ.წ. 330-300. მთის ბროლი, ამეთვისტო, აქატი, იასპი, ძოწი, მარგალიტი.
ძვ.წ. 300-330. მთის ბროლი და ოქრო.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 134-63 წლებში, პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი შეყვარებული იყო მინერალებზე და წლების განმავლობაში შეძლო ულამაზესი და გასაოცარი კოლექციის შეგროვება, პრაქტიკულად ეს არის ისტორიის მანძილზე მინერალების შეგროვების პირველი ფაქტი. მას შემდეგ რაც რომაელებმა მითრიდატე დაამარცხეს, მისი ქვების კოლექცია რომში და პომპეიში წაიღეს. რომაელები ამ განძით გაოცებულები დარჩნენ, რამაც მათში ქვებისა და განსაკუთრებით ნიშნის ბეჭდების დიდი დაფასება და სიყვარული გამოიწვია. ისტპრიულად ცნობილია, რომ იულიუს კეისარს ამ ქვების დიდი ნაწილი პირად კოლექციაში ჰქონდა.

გარდა ამისა, ქვებს და კონკრეტულად ქვებისგან დამზადებული სამკაულს ხშირად სწირავდნენ ღმერთებს, ამიტომაც ქვებს გარდა მოდური აქსესუარისა, საკმაოდ დიდი სულიერი დატვირთვაც გააჩნდა.

რომაელების გაძლიერებამ და კულტურების არევამ, სამკაულის საკმაოდ საინტერესო ნიმუშები დაგვიტოვ, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად განვიხილავ.

მითხარით თუ მოგწონთ და გაინტერესებთ მსგავსი ინფორმაცია, აუცილებლად ვგეგმავ, რომ განვავრცო და უფრო მეტი და საინტერესო ფაქტები მოგაწოდოთ ახლო მომავალში, ახლა კი იმედი მაქვს, რომ, ისტორიულმა ცნობებმა და რაც მთავარია ულამაზესმა სამკაულმა, დღე გაგილამაზათ და უფრო მეტად დაინტერესდით ქვებისა და ზოგადად სამკაულის სამყაროთი <3

სიყვარულით კელისგან <3

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *