ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 -7
ფერი – მუქი მწვანე, ჭაობისფერი, ნაცრისფერი, წითელი.
ჰელიოტროპი ქალცედონის ნახევრად გამჭირვალე ნაირსახეობაა. მას აქვს მუქი მწვანე ფერი, უმეტესად წითელი წიწკლებით, ფერის გამო ხშირად „სისხლის ქვას“ ან „სისხლიან იასპს“ ეძახიან.
ქრისტიანულ რელიგიას ჰელიოტროპის გამოყენების დიდი ისტორია აქვს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრად ძვირფასი ქვა, რომელიც არაერთხელაა ნახსენები წმინდა წერილებში. არსებობს ლეგენდა რომ ჰელიოტროპი ჯვარცმისას, იესო ქრისტეს სისხლისგან არის შექმნილი. ძველ დროში ჰელიოტროპს „წამებულის ქვასაც“ ეძახდნენ.
საბადოები
ჰელიოტროპის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ინდოეთი, მადაგასკარი, კალიფორნია (ა.შ.შ), ავსტრალია, გერმანია, ბრაზილია და ჩინეთი.
თვისებები
ანტიკურ სამყაროში ჰელიოტროპი მიიჩნეოდა დედამიწისა და სიცოცხლის ქვად. მას ხშირად მზის ქვას, მოგვიანებით ქრისტეს ქვას ეძახდნენ. ჰელიოტროპი სიძლიერის, სიცოცხლისუნარიანობის, დაბადების, ჟინისა და სიმამაცის დატვირთვას ატარებს. მიიჩნევა, რომ არის უძლიერესი დამცავი ქვა და ადამიანს ეხმარება პიროვნულ ზრდაში. ჰელიოტროპის სამკურნალო თვისებების ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ მესოპოტამიაში სჯეროდათ. მას სისხლის პრობლემებისა და შხამის ნეიტრალირებისათვის იყენებდნენ.
ბევრ კულტურაში ჰელიოტროპს ათავსებდნენ ცივ წყალში, შემდეგ ადებდნენ დაავადებულ ადამიანს სხეულზე, რათა შეეჩერებინათ სისხლდენა ან განეკურნათ დაავადება ინფექციისგან. ამის გამო ჰელიოტროპი მებრძოლებისა და მეომრების უსაყვარლესი ქვა იყო. აგრეთვე, ის დამცავ და სიმამაცის ქვადაც ითვლებოდა. მას მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ ინახავდნენ, მიიჩნეოდა რომ ჰელიოტროპს მისი მეპატრონის ცხოვრებაში პატივისცემა, წარმატება, სახელი და სიმდიდრე მოქონდა.
სამკურნალო თვისებები
ძველად მიწის, ჰელიოტროპის ფხვნილისა და თაფლის ნაზავი სიმსივნეების, სისხლჩაქცევებისა და შხამიანი ნაკბენების (გველი, სხვადასხვა მწერი) განსაკურნად გამოიყენებოდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჰელიოტროპის ყურება თვალის დაავადებებისგან იცავდა. ლიტოთერაპევტების თქმით, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ჩაკრები
ასოცირდება პირველ, ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.