ავანტურინი

ქიმიური ფორმულა – Si02
სიმაგრე – 7
ფერი – მწვანე, ყვითელი, წითელი, ცისფერი, თეთრი, სტაფილოსფერი

ავანტურინი მინერალების ჯგუფის, კვარცის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ავანტურინი გვხვდება სხვადასხვა ფერში, მაგრამ, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული, მწვანე ფერია. ეს მრავალფეროვანი ქვა, ხშირად დაირთავს მეტალის კაშკაშა ჩანართებს, მათი ნახვა უმეტესად მუქ მწვანე ვარიაციებშია შესაძლებელი. სახელი ავანტურინი მოდის იტალიური სიტყვა „a ventura“-დან, რაც შემთხვევითობასა და იღბალს ნიშნავს. 

იმიტაციები

მიოტის ოჯახმა, (იტალია) შექმნა ფერადი იტალიური შუშა, რომელიც ცნობილია როგორც „ოქროს ქვა“ მას ჩვენთან „სიყვარულის ქვას“ ვეძახით. სიყვარულის ქვა საქართველოშიც და მსოფლიოშიც ხშირად იყიდება როგორც ნატურალური ავანტურინი. სიყვარულის ქვა, ნატურალური ავანტურინისგან განსხვავებით უფრო კაშკაშა და ბრჭყვიალაა, მუქ ლურჯ და ოქროსფერ ფერში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ “სიყვარულის ქვა” სულაც არ არის ნატურალური ქვა, საქართველოშიც და მსოფლიოშიც, მას ხშირად იყენებენ სამკაულში და საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში.

თუ ავანტურინის გარჩევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაინტერესებთ, ამ თემაზე დამოუკიდებელი სტატია მაქვს (ლინკი)

სტაფილოსფერი და ლურჯი “სიყვარულის ქვა”
ავანტურინის იმიტაციები.

საბადოები

ავანტურინის მოპოვება თითქმის მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებულად ხარისხიანი ნიმუშები ბრაზილიაში, ჩილეში, ინდოეთში, ავსტრიაში, რუსეთსა და ტანზანიაში მოიპოვება.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ავანტურინი აყვავებისა და კეთილდღეობის ქვაა. ის მფლობელში ლიდერობის გრძნობას აძლიერებს. ამბობენ, რომ გულგრილ ადამიანს უღვიძებს თანაგრძნობისა და სიბრალულის შეგრძნებებს. ასევე მიიჩნევა, რომ ეს ქვა აღვივებს შეუპოვრობას, კრეატიულობასა და ინტუიციას.

ეზოთერიკოსების თქმით, ავანტირინს ერთ-ერთ უძლიერეს იღბლისა და შესაძლებლობების ქვად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დადებითად მოქმედებს შემოსავალსა და ფინანსებზე. მიიჩნევა, რომ ავანტურინი ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება, იქნება ეს გასაუბრება, ბიზნეს შეხვედრები, დაწინაურების შანსები თუ პირველი პაემანი. ეზოთერიკოსების თქმით, ავანტურინი ცვლილებების მოყვარული ადამიანების ქვაა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ავანტურინი აძლიერებს მკერდუკანა ჯირკვლის მოქმედებას და კარგი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე. მიიჩნევა, რომ აბალანსებს სისხლის წნევას და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ძველად ავანტურინს კანის დაავადებებისა და თავის ტკივილის დროს იყენებდნენ. ლიტოთერაპევტების მტკიცებით ავანტურინი კარგია მეტყველების პრობლემებისას და ის ადამიანს დეპრესიისა და ნერვოზის დროს ეხმარება.

ნაირსახეობები

თეთრი ავანტურინი

ითვლება გონების, სულის, მაღალი სტანდარტებისა და მორალების ქვად. ეზოთერიკოსები მისი დახმარებით აურიდან ნეგატიურ ენერგიას წმენდენ.

გამოიყენება მეშვიდე ჩაკრაზე.

ცისფერი ავანტურინი

ფერის მიხედვით, ცისფერი ავანტურინი აერთიანებს ჰაერისა და წყლის ენერგიას. ეზოთერიკოსების თქმით ის ნაზად რეზონირებს მფლობელის გონებასა და გულთან. მიიჩნევა, რომ აქვს ძალიან მშვიდი და ნაზი ენერგეტიკა. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ცისფერი ავანტურინი დისციპლინისა და შინაგანი სიძლიერის ქვაა. ის მფლობელს ეხმარება მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და არ გადაუხვიოს არჩეულ გზას.

ტრადიციულად ითვლება, რომ ცისფერი ავანტურინი ასტიმულირებს მესამე თვალს და გამოიყენება მეხუთე ჩაკრაზე, რაც ადამიანს  კომუნიკაციის პრობლემებისას ეხმარება. ის არამხოლოდ სიძლიერის, არამედ მშვიდობის და იმედის ქვადაც მიიჩნევა.

სტაფილოსფერი – ყვითელი ავანტურინი

მიიჩნევა იღბლისა და გამართლების ქვად. ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები მოაქვს. მას „ჩურჩულის ქვას“ ეძახიან, რადგანაც მისი ენერგია მფლობელს შინაგან ხმას უძლიერებს და ადამიანი ნაკლებად პრეტენზიული და განკიცხვის მოყვარული ხდება. სტაფილოსფერი ავანტურინი არის დამამშვიდებელი და ამავდროულად ენერგიის მომმატებელი ქვა.

კარგია ადამიანებისთვის ვისაც თვითშეფასების პრობლემები აქვთ. ამბობენ, რომ სტაფილოსფერი ავანტურინით მედიტირება მფლობელში კრეატიულობასა და სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს.

გამოიყენება მეორე და მესამე ჩაკრაზე.

წითელი ავანტურინი

წითელი ავანტურინი არის მიწისა და ცეცხლის ქვა, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ეს ქვა ადამიანს სიცოცხლის მომცემი ენერგიის გაღვიძებასა და მოდუნებული სხეულის გამოფხიზლებაში ეხმარება, ახდენს მფლობელის ენერგიების კონცენტრირებას და დაწყებული საქმეების დამთავრებაში უწყობს ხელს. ასევე მიიჩნევა, რომ წითელი ავანტურინი ცხოვრებისუნარიანობას სექსუალურობას, კრეატიულობას, თავდაჯერებულობასა და სიფხიზლეს აძლიერებს.

როგორც ამბობენ, წითელი ავანტურინი შესანიშნავი ქვაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში გარკვევა და სწორი გზის არჩევა სურთ.

ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.

იისფერი ავანტურინი

ეზოთერიკოსების მტკიცებით, როგორც სხვა ფერის ავანტურინებს, მასაც მფლობელის ცხოვრებაში პერსპექტივები მოაქვს. როგორც ამბობენ, აძლიერებს მოტივაციას, მფლობელს აძლევს საშუალებას საკუთარ თავში დაინახოს დადებითი და უარყოფითი მხარეები, გააძლიეროს პოზიტიური ნაწილი და ცხოვრება ნათელ ფერებში აღიქვას.

ასოცირდება მეექვსე ჩაკრასთან – აჯნა