როგორ ამოვიცნოთ ნატურალური ავანტურინი

მოგესალმებით მეგობრებო! დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვი დიდი ხანია არ დამიწერიათქო, მაგრამ, მაინც ძალიან მომენატრეთ და ერთი სული მაქვს როდის გადავალთ საქმზე.
დიახ! როგორც სათაურიდან შეიტყობდით, დღეს ავანტურინზე უნდა ვისაუბრო, ვიცი, ისევ და ისევ ავანტურინი, სიყვარულის ქვა და მათი ერთმანეთისგან გარჩევა, ალბათ ჩემს ძველ და ერთგულ მკითხველებს გგონიათ რომ იდეები აღარ მაქვს 😀 არა, დამიჯერეთ, საკმაოდ კარგ სტატიებს გიმზადებთ, უბრალოდ ეს თემა ისევ აქტუალური და პრობლემატურია, ამიტომაც კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას.


მაშ ასე, ჯერ განვიხილოთ ავანტურინი, ზოგადად შევეხები ამ ქვის ფერებს, დამატებითი და ამომწურავი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ავანტურინის სტატიას გაეცნოთ. (ლინკი).


ავანტურინი საკმაოდ მრავალფეროვანი ქვაა, გვხვდება იისფერ, მოწითალო, სტაფილოსფერ, თეთრ, ცისფერ და რაც მთავარია, ყველაზე პოპულარულ მწვანე ფერში.

კონკრეტულ ტონალობას შეიძლება ჰქონდეს გრადაციები მუქიდან ღიამდე. ხშირად თუ ქვა შედარებით მუქია, მეკითხებიან ხომ ნამდვილად ავანტურინიაო? ახლა ქვედა ფოტოებში შევეცდები გაჩვენოთ სხვადასხვა გრადაციის მქონე, მწვანე ავანტურინის მაგალითები.


ავანტურინი არ არის იშვიათი ქვა, ამიტომაც ის ხშირად გაყალბებადი ქვების სიაში არ შედის. უმეტეს შემთხვევაში ან ქვები ერევათ ერთმანეთში მსგავსი ფერის გამო, ან უბრალოდ არცოდნის გამო ავანტურინს ყიდიან როგორც ნეფრიტის ან ქრიზოპრაზის ქვას.
მოდით გადავიდეთ მთავარ თემაზე

იმიტაციები

ამ შემთხვევაში სიყვარულის ქვებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც უმეტესად გვხვდება ლურჯ, მოიისფრო და მოყავისფრო ფერებში, იშვიათად მწვანეც.

დიახ, ლურჯი და სტაფილოსფერი ნატურალური ავანტურინი არსებობს, მაგრამ ისინი არაფრით გვანან ლურჯ და მოყავისფრო-მოსტაფილოსფრო სიყვარულის ქვებს.
ვინც არ იცით იმასაც გეტყვით, რომ სიყვარულის ქვა, რომელსაც ძალიან ხშირად ყიდიან როგორც ნატურალურ ავანტურინს, არის შუშა, ბზინვარე ნაწილაკებით (ხანდახან სპილენძის ნაწილაკები).
მათი გარჩევა ერთმანეთისგან ძალიან ადვილია, არც ფერით გვანან და არც სტრუქტურით. შეიძლება ბევრმა მითხრას, რომ ნატურალური ავანტურინიც ბზინავს და ბრჭყვიალებს. დიახ, მართალია, მაგრამ ყველა ავანტურინი არ ბზინავს და ავანტურინის ნატურალურობისთვის მბზინვარება არაა საჭირო. ასევე, თუ დააკვირდებით, მაგალითად მწვანე ავანტურინის შემთხვევაში, ბრჭყვიალა ჩანართები უმეტესად ოქროსფერია, ხოლო ლურჯი (ან ნებისმიერი ფერის მქონე) სიყვარულის ქვის შემთხვევაში, ბზინვარება “ქვის” ფერია, ანუ ლურჯი სიყვარულის ქვა ლურჯად კაშკაშებს, ყვითელი – ყვითლად.

ეს კიდევ ერთი კარგი მეთოდია მოკაშკაშე ქვების ნატურალურობის დასადგენად, აუცილებლად წინასწარ დაგუგლეთ ქვა, სანამ შეძენას გადაწყვეტთ და დააკვირდით მის ბზინვარე ადგილებს. როდესაც ქვების გაყალბებაზე ან იმიტაციაზე მიდის საქმე, ოპტიკური თვისებების გამეორება ყველაზე რთულია, ამიტომაც მაგალითად ნატურალური მთვარის ქვის ან ლაბრადორიტის შეხედვის და დათვალიერების შემდეგ, არც ისე მარტივი იქნება თქვენი მოტყუება. ამიტომაც, კარგად დააკვირდით კაშკაშა ჩანართებს, არეკვლას და ბზინვარებას.
ბევრ სხვა რჩევას ვეღარ მოგცემთ, ავანტურინის გარჩევა მემგონი ყველაზე მარტივი საქმეა, უფრო დაბნეულობისა და არასწორი ინფორმაციის ბრალია შეცდომები და გულგასატეხი შენაძენები.
ამიტომაც კიდევ ერთხელ დავწერე სტატია ამ საკითხზე და მინდა დაგიტოვოთ იმ სტატიების ლინკები, სადაც ამ თემაზე ნასაუბრები მაქვს.


ავანტურინი – სრული განხილვა
იმიტაციები, დაფერილი და ხელოვნური ქვები


იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ ქვების უსაფრთხოდ შეძენაში. ჩემი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ უფრო და უფრო კარგად გავერკვიეთ ამ სფეროს საყვარელ, მიხლართულ-მოხლართულ და საინტერესო დეტალებში.


სიყვარულით კელისგან <3

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *