აქატის ხელოვნურად დაფერვის მეთოდები

მოგესალმებით მეგობრებო, როგორ გიკითხოთ? იმედი მაქვს, რაიმე საინტერესოს წაკითხვის სურვილი გაქვთ!
დღეს საკმაოდ ცნობილ თემაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც კონკრეტულად აქატის ქვის დაფერვის მეთოდებს ეხება.
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმიტაციებსა და ხელოვნურ ქვებზე, მაგრამ დაფერვა, ზოგადად იმდენად მიღებული პრაქტიკაა, რომ ხშირ შემთხვევაში გარჩევის საგანი არ ხდება ხოლმე.
მოდით რამდენიმე ხშირად დასმულ კითხვას გავცემ პასუხს.

  • არის თუ არა დაფერილი ქვა ხელოვნური?
  • არა. უმეტეს შემთხვევაში, ხელოვნურად იფერება ყველაზე პოპულარული ქვები, როგორიცაა ლაზურიტი, აქატი, ტოპაზი, ციტრინი, ამეთვისტო და ა.შ.
  • რატომ ღებავენ ქვებს?
  • მთავარი მიზანი გაყიდვადობისა და ფასის გაზრდაა. მაგალითად აქატის ქვის შემთხვევაში, ხშირად მყიდველს არც კი აინტერესებს ქვას ნატურალური ფერი აქვს თუ არა, მხოლოდ ფერადოვნებისა და ვიზუალური დატვირთვისთვის ყიდულობს მას.
  • კარგავს თუ არა ქვა შეღებვისას თავის დატვირთვას?
  • საინტერესო კითხვაა, მაგრამ სამწუხაროდ ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც სხვადასხვა ეზოთერიკოსებისა და ასტროლოგების აზრები ამ თემასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. ბევრს მიაჩნია, რომ მინერალის ნებისმიერი სახით დამუშავება მას “თვისებებს” აკარგვინებს, ბევრი კი ამბობს, რომ მინერალები და კრისტალები იმდენად დიდი წნეხისა და სიცხის ქვეშ იზრდებიან და ყალიბდებიან, რომ დაფერვა მათ ვერაფერს დააკლებს.
  • როგორ იღებება ქვები?
  • გააჩნია ქვას. ყველა მინერალს, სტრუქტურიდან გამომდინარე, თავისი უნიკალური დაფერვის მეთოდი აქვს. დღეს კონკრეტულად აქატზე ვისაუბრებთ.

მაშ ასე, გადავიდეთ საქმეზე.

აქატი ძალიან ბევრი ფერისა და სახეობის არსებობს, როგორიცაა: ცეცხლოვანი, ხავსიანი, ხის აქატი და ა.შ. აქატზე, მის ნაირსახეობებზე, დამოუკიდებელი სტატია მაქვს (ლინკი).

აქატის ყველაზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმომადგენლებს, უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურად შეღებვა აქვთ გარანტირებული. აქატის შეღებვის ტენდენციას საფუძველი გერმანიაში, 1400 წლებში ჩაეყარა, მე-19 საუკუნეში, როდესაც გერმანიის აქატის მაღაროები ამოიცალა, ამ ქვის მოპოვება-დამუშავება ბრაზილიამ შეითავსა. ცნობილი ფაქტია, რომ შეღებილი აქატი იმდენად პოპულარული იყო, რომ შეღებვის მეთოდი წლების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. იმასაც გეტყვით, რომ ისტორიაში, ჯერ კიდევ რომშია აღმოჩენილი აქატის ხელოვნურად შეღების კვალი. (წინა სტატიაში განვიხილეთ ბერძნებისა და რომაელების აქატისადმი სიყვარული (ლინკი).

მოდით გავეცნოთ აქატის შეღებვის მეთობდებსაც. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ფერის შემთხვევაში გამოყენებული მასალები განსხვადება, მაგალითად, წითელი ფერის შემთხვევაში, რკინით გაჯერებულ ხსნარს იყენებენ, მწვანის შემხვევაში – ნიკელს.

პროცესი ქვის სპეციალურ ხსნარში მოდუღებით იწყება, ამის შემდეგ ემატება ფერის ხსნარ-პიგმენტი. აქატის სხვადასხვა შრე, სიმტკიცის მიხედვით, სხვადასხვა ფერს იღებს, ამიტომაც, შეღებილი აქატი არასოდეს არ არის ერთი კონკრეტული ფერი. ასევე შეღებვისას ტემპერატურას ენიჭება დიდი მნიშვნელობა, ქვას ნელ-ნელა აგრილებენ და აცივებენ, რათა არ დასკდეს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, როგორ გავარჩიოთ შეღებილი აქატი?

მარტივია, თუ დაინახავთ არაბუნებრივ ფერს, ესეიგი შეღებილია. მაგალითად “ელექტრიკი” მწვანე, ლურჯი, წითელი, სტაფილოსფერი, იისფერი, მელნისფერი. ასევე, უმეტესად, შეღებილი აქატი, ბაზარზე ნაჭრების სახით იყიდება, ხშირია გეოდებისა და კრისტალების შეღებვაც. შევეცდები, ქვემოთ მოცემულ გალერიაში, მაქსიმალურად განვიხილო დაფერვის სხვადასხვა ვარიანტები, რომ შემდეგ ჯერზე ამოცნობა მარტივად შეძლოთ.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ახლაც ვიტყვი, პრობლემა ქვის შეღებვა არაა, პრობლემა ისაა, როდესაც ხელოვნურად დაფერილი ქვა იყიდება როგორც ნატურალური, ხშირად გადამეტებულ ფასშიც. ამიტომაც მგონია, რომ მათი დათვალიერება არავის აწყენდა.

დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისათვის, იმედი მაქვს, ამ უცნაურ პერიოდში ჩემი სტატია გამოგადგათ და სამომავლოდ მინერალებზე ნადირობაში დაგეხმარებათ.


ფოტოზე დაგიტოვებთ ორ ქვას, თქვენი აზრით, რომელი არის ნატურალური ფერის მქონე და რომელია შეღებილი? ველი კომენტარებს.

სიყვარულით კელისგან ❤

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *