ფირუზი

ქიმიური ფორმულა: CuAl6(PO4)4(OH)8•4H2O
სიმაგრე – 5 – 6
ფერი – ცისფერი, მწვანე, ლურჯი, თეთრი.

ფირუზის სახელწოდება (Turquoise) ფრანგული სიტყვა “turqueise” დან მოდის და “თურქულ ქვას” ნიშნავს, რადგანაც ევროპაში ის პირველად თურქეთიდან მოხვდა. ფირუზი ძველი ეგვიპტელების უსაყვარლეს ქვად ითვლებოდა. ტუტანხამონის ნიღაბშიც კი ნახავთ უძველეს ფირუზს.

ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ფირუზი რეგენერაციის ქვა იყო, ამიტომაც მას როგორც დეკორატიულ, ასევე სულიერ თემატიკაშიც იყენებდნენ.

მესოამერიკელები ფირუზისგან მოზაიკებს, ხოლო ჩინელები სხვადასხვა ფორმის სკულპტურებს ჰქმნიდნენ. ინდიელები დამცავი მიზნებისთვის ფირუზისგან სამკაულებს ქმნიდნენ, ტიბეტში კი ფირუზის უძლიერესი სამკურნალო თვისებების სჯეროდათ და მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ.

“XIV-XVIII საუკუნეების ქართული ხელოვნება, მათ შორის ოქრომჭედლობა მოექცა ერთი მხრივ, სეფიანთა ირანისა და მეორე მხრივ ევროპული კულტურის ორმაგი გავლენის ქვეშ. ამის კვალია ირანული ფირუზის მოჭარბება და მინანქრის მოხატულობის გაჩენა ქალის სამკაულში, რომელთა წარმოება კვლავ გამოცოცხლდა, როგორც კი სული მოითქვა დაუსრულებელი ომებისაგან.”-Dzeglebi.ge

დღესდღეობით ბაზარზე გაყიდვადი ფირუზების უდიდესი ნაწილი სინთეტიკური და ყალბია, რადგანაც ნატურალური ფირუზი საკმაოდ იშვიათი და ძვირფასი ქვაა.

საბადოები

ფირუზს დიდი რაოდენობით მოიპოვებენ ირანში, ავღანეთში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ისრაელში, მექსიკაში, ტანზანიასა და ა.შ.შ-ში. ა.შ.შ ერთ-ერთი უდიდესი ფირუზის მომწოდებელია, შახტების უმეტესი რაოდენობა არიზონა, კოლორადოსა და ნევადაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საბადო ერთ ქვეყანაში და მეტიც, ერთ შტატში მდებარეობს, ქვებს შორის ძალიან დიდი ვიზუალური და ხარისხობრივი განსხვავებაა.

მე მინდა ამ სტატიაში გაჩვენოთ ფირუზის პოპულარული ნაირსახეობები, მათი ხარისხობრივი სხვაობა, ასევე ფერისა და ფასის განსხვავება. დავიწყოთ აშშ-ს ფირუზებით.

ეიჯაქსის ფირუზი

ეიჯაქსი არის საბადო, სამხრეთ ტონოპაში. ამ ტიპის ფირუზი უმეტესად ღია ცისფერია, მუქი ლურჯი მატრიცით, ხანდახან მომწვანო ელემენტებსაც დაიკრავს. ხშირად ორივე ფერი გვხვდება ერთ ქვაში და მას ემატება მოოქროსფრო მოყავისფრო ულამაზესი ნახატები.

ბისბის ფირუზი

ბისბის ფირუზი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, ის გამორჩეულია უმაღლესი ხარისხითა და ღრმა ცისფერი ფერით. დაკრავს მოიისფრო-მოყავისფრო მატრიცას. ბისბის ფირუზი მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს ფირუზად ითვლება. მიუხედავად ამისა ბისბის ფირუზი გვხვდება ღია ცისფერ-მუქ მწვანე გრადაციებში, რაც მის ფასსაც ცვლის. ბისბის ფირუზი, ამერიკული ფირუზის სახეა. ოდნავ წააგავს სპარსულ ფირუზს, რომელსაც ევროპაში ძალიან აფასებენ.

შავი ქვრივი ფირუზი

პატარა საბადო ნევადაში. ამ ტიპის ფირუზი უმეტესად ღია ცისფერი ან ღია მწვანე ფერისაა, მკვეთრად გამოხატული შავი მატრიცით. ეს ფირუზი საკმაოდ იშვიათია და მისი მაქსიმალური ნატეხი 15 კარატს არ აღემატება, მაგრამ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი ორიგინალური შეხედულების გამო.

ლურჯი ბრილიანტის ფირუზი

ეს საბადო აგრეთვე ნევადაში გახლავთ, რომლის ქვები გამოირჩევა მუქი ლურჯი შეფერილობითა და უფრო უხვი რაოდენობის მატრიცით, აგრეთვე სიმკვრივით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვა საკმაოდ ხარისხიანია, არც ისე ძვირად ფასობს, მისი დიდი რაოდენობის გამო.

ცისფერქვიანი ფირუზი

ცისფერქვიანი ფირუზის საბადოც ნევადაში მდებარეობს, “Battle Mountain”-თან, რომელიც 1934 წლიდან მსოფლიოს უდიდესი რაოდენობის ფირუზს აწვდის, მათ შორის ბევრია მუზეუმის ექსპონატი, უმაღლესი ხარისხისა და ფასის ფირუზები. ქვები გვხვდება სუფთა ცისფერში, ხშირად შესამჩნევი მატრიცის გარეშე, იშვიათად ღია ყავისფერი ლაქებით.

ცისფერი მთვარის ფირუზი

ამ საბადოს ქვები უმეტესად თეთრიდან ღია ცისფერში გვხვდება, მცირე რაოდენობის მატრიცით. აგრეთვე საინტერესოა როდესაც თეთრ, (ღია ცისფერი) ფირუზებს დასდევთ მუქი ცისფერი მატრიცა. მიუხედავად მისი ხარიხისა და სილამაზისა, ამ ფირუზის შეძენა, შედარებით დაბალ ფასად შეგიძლიათ.

კარიკოს ტბის ფირუზი

ეს საბადოც ნევადაში მდებარეობს, ის დიდი რაოდენობით ფირუზს მოგვაწვდის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფირუზი საკმაოდ უცნაური და მრავალფერვანია. ღია ცისფერიდან მუქ მწვანემდე მერყეობს მისი ფერი, იგი აღიარებულია იუველირებში და საკმაოდ ძვირად ფასობს.

დამელეს ფირუზი

ძალიან უცნაური და მოთხოვნადი ნაირსახეობა. ეს ფირუზი გამოირჩევა იმით, რომ ერთ ქვაში გაერთიანებულია სხვადასხვა ფერის ფირუზების პატარა ბურთები, თითქოს დედაბუნებამ თავად შეაწება ისინი და მოგვცა უცნაურ ფერებში, როგორიცაა თეთრი, ყავისფერი, რძისფერი მუქი მწვანე და ყვითელი. ეს ფირუზი ხშირად გამოიყენება საიუველირო საქმეში და საკმაოდ კარგ ფასადაც იყიდება.

ისტერ ბლუ ფირუზი

ეს საბადო 1907 წელს აღმოაჩინეს და ამის შემდეგ მოწოდება არ შეჩერებულა. ფერი კაშკაშა ცისფერიდან მუქ მწვანემდე მერყეობს და უმეტესად მატრიცის მაგიერ, ყავისფერი ლაქები დასდევს.

გოდბერის ფირუზი

გოდბერისა და დემალეს საბადო ერთ მთაზე მოპირდაპირე მხარეებზეა განლაგებული, შეიძლება ვთქვათ, რომ მეზობლები არიან, მაგრამ მათი ფირუზები არ გვანან ერთმანეთს. გამოირჩევა ღია ტონალობებით, ძალიან იშვიათად ღრმა ცისფერიც გვხვდება. ობობის ქსელის მსგავსი შავ-ყავისფერი მატრიცა გასდევს.

ინდური მთის ფირუზი

ინდური მთის საბადო 1970 წელს აღმოაჩინეს ნევადაში. მასში მუშაობა მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ ის მუდმივად თოვლით არის დაფარული. ამ საბადოს ბალახის ფესვებსაც ეძახდნენ, იმიტომ, რომ ფირუზის მოსაპოვებლად ბევრი თხრა არ არის საჭირო, ის მიწასთან ძალიან ახლოსაა. ამ სახეობის ფირუზს საკმაოდ დიდი ფერთა გამა გააჩნია, მუქი მწვანიდან ღია ცისფრამდე, ხშირი მატრიცით.

კინგმანის ფირუზი

ეს ქვები გამოირჩევა იმით, რომ განსაკუთრებული ლურჯი შეფერილობა აქვთ, უმეტესად შავი მატრიცით, სადაც ხშირად კაშკაშებენ სპილენძის ნატეხები. აგრეთვე ერთერთი უძვირესი ფირუზია.

მორენცის ფირუზი

საბადო არიზონაში გვხვდება. ცნობილია მისი კაშკაშა ლურჯი და ცისფერი შეფერილობით, მატრიცა უფრო ღია ფერებში აქვს, და ხშირად გვხვდება პირიტ ნარევიც. არიზონის ფირუზი საკმაოდ დაბალ ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად კინგმანის ფირუზთან შედარებით შეიძლება ეჭვიც შეგეპაროთ ნამდვილია თუარა, არიზონას ფირუზი საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასათვის.

ნომერი 8 ფირუზი

ეს საბადო ა.შ.შ-ს ფირუზის საბადოებს შორის ერთერთი საუკეთესოს ადგილს იკავებს. უმეტესად მუქ ცისფერ ტონებში გვხვდება ხშირი ყავისფერ-შავი მატრიცით, რაც უფრო მკვეთრი მატრიცაა მით უფრო ძვირი ღირს ქვა.

ორვილ ჯეკის ფირუზი

აგრეთვე ნევადაში მდებარეობს, მოყვითალო მომწვანო ფირუზის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.

პილოტ მაუნთაინის ფირუზი

ეს საბადოც ტონოპასთან არის განთავსებული და ძალიან უცნაური, ჭრელი ფირუზით გვამარაგებს. მუქი ლურჯიდან ღია მწვანემდე, დაიკრავს ღია ყავისფერ ხშირ მატრიცას, საკმაოდ გამძლე ქვაა და რთულია მისი ფერის შეცვლა ხელოვნური საშუალებებით.

გადავიდეთ სხვა ქვეყნებზეც.

სპარსული ფირუზი

ასობით წლებია რაც სპარსული (ირანული) ფირუზი მოგვეწოდება. საკმაოდ ძვირად შეფასებული ფირუზია, მისი ინტენსიური ფერისა და ბრწყინვალე ხარიხის გამო. ევროპელი მყიდველები სუფთა სპარსულ ფირუზს ამჯობინებენ, მატრიცის გარეშე.

აფრიკული ფირუზი

არ გამოირჩევა ფერის სიმკვეთრით, აქვს უფრო წვრილი და მკრთალი ხაზები, მაგრამ მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს, მისაღები ფასის გამო.

ავსტრალიური

აქვს უფრო ცარცისებრი სტრუქტურა და ღია ფერი. ბაზარზე არც ისე ხშირად გვხვდება.

ჩინური

საკმაოდ დაბალფასიანი ფირუზის სახეობა. რომელსაც ხშირად იყენებენ სამკაულში.

ტიბეტური

ტიბეტურ ფირუზს ჰიმალაების ტერიტორიაზე მოიპოვებენ. საკმაოდ ხარისხიანი, მაგრამ დიდი რაოდენობის გამო შედარებით იაფიანი ქვაა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კიდევ უამრავი სახის ფირუზი მოიპოვება. მათი რაოდენობა უმნიშვნელოა.

თვისებები

ძველად მიაჩნდათ, რომ ფირუზი ძლიერი გამწმენდი ქვა იყო, სჯეროდათ, რომ ის განმუხტავს უარყოფით ენერგიას და პატრონს ნეგატიური გარემოს ზემოქმედებისგან იცავს. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ფირუზი ასტაბილურებს ადამიანის ხასიათს და აძლევს შინაგან სიმშვიდეს, კარგი ქვაა დეპრესიისა და დაღლილობის წინააღმდეგ. მიიჩნევა, რომ ფირუზის ქვა ძალიან კარგად მოქმედებს თვითშეფასების ამაღლებაზე და კრეატიული დეფიციტის დროს.

ეზოთერიკოსების თქმით, ფირუზის ნაკეთობებს ატარებენ როგორც გამარჯვების, წარმატებისა და იღბალის მომტან სიმბოლოდ, რომელიც ადამიანს უბედურებისგან იცავს. ტრადიციულად მიღებულია, რომ ფირუზი კარგად მოქმედებს ფინანსებზე. ცისფერი ფირუზი ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან, მომწვანო ფერის შემთხვევაში მეოთხესთან.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, თუ ადამიანს აწუხებს უძილობა და კოშმარები ფირუზი მასზე დადებითად იმოქმედებს. ის ამაგრებს მხედველობას, ამსუბუქებს თავის ტკივილს. რადგანაც ფირუზი ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან, ის კარგად მოქმედებს ხმის იოგებსა და ფარისებურ ჯირკვალზე. ასევე მიიჩნევა, რომ კარგია მომღერლებისა და ორატორებისთვის.

ჩაკრები

ზოგადად ფირუზი ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა. მწვანე ფერის შემთხვევაში გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.