კრისტალის თავისქალა – ისტორია, ლეგენდები.

გამარჯობა კარგებო, თავი ისევ მოგამატრეთ ხომ? იმედი მაქვს, ყველანი კარგად ხართ და ამ სტატიის წაკითხვა კიდევ უკეთეს ხასიათზე დაგაყენებთ.

მაშ ასე, საინტერესოზე სააააინტერესო ამბები გველის წინ! დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გინახავთ ქვისგან გამოკვეთილი თავისქალები, მთის ბროლის ან ვარდისფერი კვარცის, კბილებდაკრეჭილი, საშიში ჩონჩხის თავები. დღეს ქვებისგან იმდენად უნიკალურ ნაკეთობებს ამზადებენ, რომ აღარავის  უკვირს მსგავსი ნამუშევარები, მაგრამ იყო დრო, როდესაც სხვადასხვა ზომისა და კვეთის კრისტალის თავისქალებმა მსოფლიო აალაპარაკაეს და დღემდე გარჩევის საგანი არიან. ალბათ ნანახი გექნებათ ინდიანა ჯონსის მეოთხე ფილმი, “ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფო” ხო, აი ზუსტად მაგაზე ვაპირებ საუბარს, თუ რატომ აიკვიატა მთელმა დედამიწამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, კვარცის თავისქალები.

ამ ამბის თხრობას, ყველაზე პოპულარული თავისქალის აღმოჩენის ისტორიით დავიწყებ. 

ჰოჯესის თავისქალა

1954 წელს, ფრედრიკ მაიკლ – ჰოჯესმა, ინგლისელმა  მოგზაურმა და მწერალმა გამოაქვეყნა მემუარები, სადაც კრისტალის თავისქალაზე განსაკუთრებული მოწიწებით საუბრობდა.

მისი თქმით, კრისტალის  თავისქალა მესოამერიკული პერიოდის, სავარაუდოდ აცტეკების რელიკვია იყო – სახელად “განკითხვის თავისქალა”. რამოდენიმე ადამიანი, რომელიც თავისქალის მიმართ ცინიკურად საუბრობდა,  უეცრად გარდაიცვალა დანარჩენები კი დაავადნენ. ჰოჯესი მის მემუარებში თავისქალის აღმოჩენის ისტორიას არ გვიყვება, მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს: “მაქვს მიზეზი არ გავამხილო, თუ რგორ აღმოჩნდა თავისქალა ჩემს საკუთრებაში”.

ფრედერიკ ჰოჯესის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ნაშვილებმა ქალიშვილმა, ანა მაიკლ ჰოჯესმა ბევრად უფრო საინტერესო ისტორია მოუთხრო თავისქალით დაინტერესებულ ხალხს. მისი თქმით  1920-24 წელს, მამამისი უძღვებოდა არქეოლოგიურ ექსპედიციას ლუბანანტუნში, (უძველესი ქალაქი იუკატანის ჯუნგლებში) სწორედ მაშინ ანა ჰოჯესმა, უძველეს პირამიდაში შემთხვევით იპოვა მისტიკური თავისქალა, რომელიც ერთი მთლიანი კვარცის კრისტალისგან იყო გამოკვეთილი.

მამის გარდაცვალების შემდეგ ანა ჰოჯესმა თითქმის მთელი ცხოვრება კრისტალის თავისქალის ამბის გავრცელებას დაუთმო. ანა ხშირად მართავდა დახურულ ჩვენებებს, კითხულობდა ლექციებს თავისქალის თვისებების, ისტორიისა და მისტიკური დანიშნულებების შესახებ. მას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისქალას იყენებდნენ როგორც “სიკვდილის მმართველს, ასევე “ბოროტების თავისქალას”, “დასასრულის მომასწავლებელს” და ა.შ. კითხვაზე, თუ რატომ იყო თავისქალა სრულყოფილად ბზინვარე – ანას პასუხობდა, რომ სავარაუდოდ მას 5 თაობის მანძილზე აპრიალებდნენ ქვაზე მომუშავეები, კვარცის ნაჭერიც სპეციალური კუთხით იყო გამოკვეთილი, რომ მასზე მუშაობისას ქვა არ დაზიანებულიყო.

შუაში – ანა მაიკლ ჰოჯესი, მარჯვნივ – ფრედრიკ მაიკლ ჰოჯესი
წყარო – http://www.thehistoryblog.com/

ანასა და მისი საოცარი კრისტალის თავისქალის შესახებ ინფორმაცია არაერთ გაზეთში დაიწერა, ის ტელეგადაცემებშიც ყავდათ მიწვეული, ამიტომაც სხვადასხვა კოლექციონერების პირადი საცავებიდან ახალმა თავისქალებმა დაიწყეს გამოჩენა, იმასაც ამბობდნენ, რომ 13  მთავარი თავისქალის (ჰოჯესის ჩათვლით) ერთმანეთთან შეხვედრისას რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო. ინდიანა ჯონსის ფილმმაც ინსპარაცია ალბათ ამ ინფორმაციიდან აიღო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კრისტალის თავისქალის პოპულარობამ ხალხის ფანტაზია გააღვიძა და ბევრი საინტერესო თვისება მიაწერეს მათ. მაგალითად ის, რომ თავისქალები დედამიწაზე, არაამქვეყნიური ძალის გამოგზავნილები იყვნენ, ის რომ მათი დამსხვრევა შეუძლებელი იყო, ასევე ამბობდნენ რომ ზოგიერთი თავისქალის თვალები ლურჯად ანათებდნენ, ჩურჩულებდნენ… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მითები და ჭორები ერთმანეთში აიხლართა და ბოლომდე არც არავინ იცოდა რომელი იყო სიმართლე და რომელი არა.

ანა ჰოჯესი და კრისტალის თავისქალა  წყარო - abovetopsecret.com
ანა ჰოჯესი და კრისტალის თავისქალა
წყარო – abovetopsecret.com

აქვე უნდა ითქვას ერთი საინტერესო ფაქტი. სანამ ანა  ჰოჯესი 1924 წლის აღმოჩენაზე რაიმეს იტყოდა და თავისქალები ასეთ პოპულარობას შეიძენდნენ, ძალიან მსგავსი გამჭირვალე/დაბურული კვარცის 2 თავისქალა დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, გამოფენილი იყო ლონდონში – ბრიტანულ მუზეუმსა და პარიზის მუზეუმ  – “Musee de Quai Branly” – ში. მაგრამ არცერთმა მუზეუმმა არ იცოდა დარწმუნებით თავისქალების წარმომავლობა და ასაკი, ათწლეულების განმავლობაში ანთროპოლოგები და არქეოლოგებიც სკეპტიკურად იყვნენ არტეფაქტების მიმართ განწყობილები, მაგრამ თავისქალის მოყვარულებისთვის, ამ ორი ნიმუშის მუზეუმში ყოფნა საკმარისი იყო, რომ ნებისმიერი ისტორია დაეჯერებინათ და დარწმუნებულიყვნენ მათ სინამდვილეში, არქეოლოგების სკეპტიკურ დამოკიდებულებას დიდად ყურადღებას არავინ აქცევდა და თავისქალების პოპულარობაც ნელნელა მატულობდა.

იდუმალი ამანათი

ცოტა წინ გადმოვხტეთ, 1992 წელს  ამერიკული ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში მიიტანეს ამანათი, დაახლოებით 15 კილომდე. ამანათს მხოლოდ წერილი მოყვებოდა: ” ეს აცტეკების არტეფაქტი 1960 წელს არის ნაყიდი მექსიკაში, ვთავაზობ სმიტსონიურ ინსტიტუტს, უსასყიდლოდ.”  იდუმალი ამანათი მალევე გახსნენს მუზეუმის მომუშავეებმა, საიდანაც დაბურული, რძისფერი კვარცის კრისტალისგან  გამოკვეთილი თავისქალა ეკრიჭებოდა მათ. დაბნეულმა ესპანურ-ამერიკული კოლექციების კურატორმა ამ უცნაური ამბის გამოძიება მექსიკური არქეოლოგიის მცოდნეს, ჯეინ მაკლარენ უოლშს შესთავაზა, ისიც უყოყმანოდ დათანხმდა შემოთავაზებას და ამ დიდი საიდუმლოს გამოძიებას შეუდგა.

უოლშის თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა ნანახი მესოამერიკულ არტეფაქტად  გამოფენილი თავისქალები, ამიტომაც მან ძიება მუზეუმებიდან დაიწყო. როგორც აღმოჩნდა მუზეუმის ორი ექსპონატიდან არცერთს არ ჰქონდა ოფიციალური საბუთები და არცერთი არ იყო დოკუმენტირებული ექსპედიციისას აღმოჩენილი, არტეფაქტები სტილისტიკურად და ტექნიკური შესრულებითაც  არ გავდნენ მესოამერიკული პერიოდის ნიმუშებს.

ჯეინ მაკლარენ უოლში – იდუმალი თავისქალით
წყარო – www.spokesman.com

თავის ქალის მფლობელები

უოლშმა გადაწყვიტა თავისი ყურადღება მუზეუმში მყოფი თავისქალების მფლობელებისკენ მიემართა. გაირკვა, რომ 1898 წელს ბრიტანულმა მუზეუმმა თავისქალა სახელგანთქმული – Tiffany  & Co. – სგან შეიძინა, მათ კი არტეფაქტი 1886 წელს ფრანგი ანტიკვარიით მოვაჭრისგან ეუჯინ ბობანისგან შეიძინეს.
როგორც უოლში ამბობს, ბობანის სახელმა ბევრ გაუკრკვევლობას ახადა ფარდა.

ეუჯინ ბობანი მექსიკაში ადრეული ასაკიდან ცხოვრობდა, თავისუფლად საუბრობდა ესპანურად და ნაუატლურად (აცტეკების ენა). მის ოჯახს მექსიკაში ანტიკვარიატის ბიზნესი ქონდა და ბობანმაც აქ დაიწყო მოღვაწეობა, მითუმეტეს ის ბავშვობიდან შეყვარებული იყო არქეოლოგიაზე და მესოამერიკულ კულტურაზე.
1870 წელს ბობანი საფრანგეთში დაბუნდა, პარიზში ანტიკვარიატის მაღაზია გახსნა და აი სწორედ აქ 1881 წელს გამოჩნდა დაახლოებით 16 სმ სიმაღლის კრისტალის თავის ქალა, დოკუმენტებში მას მითითებული არ ქონდა თუ კონკრეტულად სად იყო ნაპოვნი, მაგრამ ბობანის თქმით ეს იყო მესოამერიკული პერიოდის, ქვის დამუშავების სრულყოფილი ნიმუში.

ეუჯინ ბობანი
წყარო – www.magzter.com

მიუხედავად ბობანის ენთუზიაზმისა და მონდომებისა, მან კრისტალის თავისქალლით პარიზი ვერ დააინტერესა, ამიტომაც 1885 წელს ის მექსიკაში დაბრუნდა და არტეფაქტიც თან გაიყოლა. იმასაც ამბობენ, რომ ბობანი ცდილობდა თავისქალა მექსიკის ნაციონალური მუზეუმისთვის მიეყიდა, კურატორმა ივარაუდა, რომ არტეფაქტი შუშის იმიტაცია იყო და ის მხოლოდ შეძენაზე უარის თქმით არ შემოიფარგლა, მან ბობანს ქვეყანაში ყალბი არტეფაქტების შემოტანა დააბრალა, ალბათ ამიტომაც, ბობანმა სწრაფად დატოვა მექსიკა და ახლა უკვე ნიუ იორკში სცადა ბედი.

სწორედ აქ ნიუ იორკში Tiffany & Co.-მ 950 დოლარად შეიძინა კრისტალის თავისქალა, რომელმაც წლების შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმში ამოყო თავი.

მიუხედავად იმისა, რომ უოლში ნელ-ნელა თავისქალის გადაადგილებას ფარდას ხდიდა, კითხვა კითხვად რჩებოდა, თუ საიდან იყვნენ ეს თავისაქები და ვინ შექმნა ისინი. უოლშმა უდიდესი დახმარება მიიღო ბრიტანეთის მუზეუმის მეცნიერი მეგან საქსისგან, ისინი ერთობლივი ძალებით შეუდგნენ თავისქალების გამოკვლევას. რადგანაც დათარიღების რადიოკარბონული მეთოდი კვარცზე არ მუშაობს  მათ გადაწყვიტეს ნამდვილი პრე-კოლუმბიური, კრისტალისგან დამზადებული, მესოამერიკული თასის ნაჭდევები გამოეკვლიათ.

ბრიტანეთის მუზეუმის თავისქალა
წყარო www.fakearchaeology.wiki

აღმოჩნდა, რომ მესოამერიკული თასი ხელის იარაღებით იყო გამოკვეთილი, შესაბამისად ნაჭდევები უხეში და არარეგულარული იყო, ბობანის -Tiffany & Co, – ბრიტანული მუზეუმის თვისქალა კი საკმაოდ სუფთად იყო დამუშავებული, რაც მოძრავი დანადგარის გამოყენებას ნიშნავდა, ამ აღმოჩენამ მეცნიერები დაარწმუნა, რომ თავისქალა მესოამერიკული პერიოდის უბრალოდ ვერ იქნებოდა. ასევე არსებობს მეთოდი, რომლითაც მინარევების მიხედვით მინერალის წარმოშობის ადგილის დადგენაა შესაძლებელი, ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანული და პარიზის მუზეუმის ექსპონატები, არა მექსიკური, არამედ ბრაზილიური კვარცისგან იყვნენ დამზადებულები. მეცნიერები ორივე კვარცის ექსპონატის სიყალბეზე შეთანხმდნენ.

მსგავსი გამოკვლევა ჩაუტარდა იდუმალ, უსახელო ამანათის შიგთავსსაც, ამ შემთხვევაში მეცნიერებმა, ნაჭდევებში ჩარჩენილი გასაპრიალებელი სუბსტანცია აღმოაჩინეს რომელიც გამოყენებაში მხოლოდ 1950 წელს შემოვიდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ უსახელო თავისქალა იმაზე უფრო ახალი იყო ვიდრე ვარაუდობდნენ.

ფრედრიკ  ჰოჯესის კრისტალის თვისქალა

ახლა მხოლოდ ფრედრიკ  ჰოჯესის თავისქალა რჩებოდა ამოუცნობ ობიექტად. ბევრი ამბობდა, რომ მუზეუმის თავისქალები ჰოჯესის რეპლიკა უნდა ყოფილიყო. მაგრამ რადგანაც ეს კონკრეტული არტეფაქტი ანა ჰოჯესის პირადი კოლექციაში შედიოდა მეცნიერებმა ვერ მოახერხეს მასზე გამოკვლევების ჩატარება.

სამაგიეროდ, უოლშმა აღმოაჩინა უტყუარი საბუთი იმისა, რომ ეს არტეფაქტიც არ უნდა ყოფილიყო ჰოჯესის აღმოჩენილი. ეს საბუთი ბრიტანულ ჟურნალში 1936 წელს გამოქვეყნებული სტატია იყო, სადაც ფოტოზე გარკვევით ჩანს ჰოჯესის თავისქალა, მაგრამ ავტორი სტატიაში, მას ბურნის თავისქალად მოიხსენიებს.

გაირკვა რომ სიდნი ბურნი ლონდონის მკვიდრი არტ დილერი იყო, დღემდე უცნობია თუ ვისგან შეიძინა მან თავისქალა, მაგრამ არტეფაქტი ბრიტანული (ბობანის და ტიფანის) თავისქალის კოპიოა, იმეორებს ზომებს და მოყვანილობას, მხოლოდ შესრულების ხარისხია უკეთესი და ქვედა ყბა ეხსნება. ბურნიმ არტეფაქტი 1943 წელს სოტბის აუქციონზე მიყიდა ფრედრიკ ჰოჯესს.

მაიკლ ჰოჯესის კრისტალის თავისქალა
წყარო – archaeology.org

ამ აღმოჩენის შემდეგ ყველაფერს თითქოს თავისი ადგილი მიეცაო, ახლობლების და მეგობრების თქმით, სწორედ 1943-44 წლებში დაიწყო ფრედრიკ ჰოჯესმა კრისტალის თავისქალის სტუმრებისთვის ჩვენება და საშიში ისტორიების მოყოლა. მისმა შვილმა ანამ  100 წლამდე იცოცხლა და 60 წელი, სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კრისტალის თავისქალის ამბის გავრცელებას დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ერეოდა თარიღები, ვერ იხსენებდა ზუსტ ადგილმდებარეობას და სისტემატიურად ცვლიდა თავისქალის აღმოჩენის ისტორიას, მას მაინც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავდა და კრისტალის თავისქალის გამოკვლევის საშუალებას არავის აძლევდა.

მხოლოდ 2008 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მეცნიერებმა მსგავსი ტესტი ჩაუტარეს ჰოჯესის თავისქალას და მათი ეჭვებიც დადასტურდა. სავარაუდოდ თავისქალა 1900-1950 წლებში ევროპაში იყო დამზადებული, იმ დროს ბრაზილია-მადაგასკარიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის მინერალების იმპორტი ხდებოდა ამიტომაც კვარცის შოვნა არ იყო რთული, სავარაუდოდ მისი ზომები და მოყვანილობა ბრიტანული მუზეუმის ექსპონატიდან იქნა აღებული.

ზედა – ბრიტანული, ქვედა ჰოჯესის
წყარო – Saeti.org

ჯეინ უოლშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავისქალებს აცტეკებისა და მაიას არტეფაქტად თვლიდნენ, ისინი სტილისტიკურადაც კი არ გავდნენ იმ პერიოდის ნიმუშებს. აცტეკები სიკვდილის გამოსახატად უმეტესად ბაზალტს იყენებდნენ და ყოველთვის ღებავდნენ მათ სხვადასხვა ფერებში. ნამდვილი აცტეკების არტეფაქტები ძალიან უხეშადაა გამოკვეთილი, მაგრამ უფრო რეალისტურ სახეს აჩვენებს.

ქვისგან გამოთლილი თავისქალები ტემპლო-მაიორიდან
კულტური ნაგებობების კომპლექსი აცტეკების სახელმწიფოს დედაქალაქში, ტენოჩტიტლანში
წყარო – Ancient.eu

მექსიკის არტეფაქტები კი არასოდეს გამოსახავენ ჩონჩხს, უფრო ჩონჩხის მსგავს არსებებს, თვალებით, ცხვირით, ყურებით და კბილებით, ამიტომაც კრისტალის თავისქალების სიყალბის დადგენა მხოლოდ დროის ამბავი იყო.

როგორც უოლში ამბობს მიუხედავად კრისტალის თვისქალის გაურკვეველი წარმომავლობისა, ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის არქონისა და მეცნიერების ყოყმანისა, ისინი მუზეუმებში მაინც იყვნენ გამოფენილები და დღემდე უდიდესი პოპულარულობით სარგებლობენ, რადგანაც ხალხს მათი ნახვა მოსწონს და ხშირად არც აინტერესებთ რომ ისინი ყალბები არიან.

ჯეინ უოლში და ჰოჯესის კრისტალის თავისქალა
წყარო www.nydailynews.com

2008 წელს გამოსულმა ფილმმა “ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფო” კიდევ ერთხელ დაატრიალა თავისქალის ამოუცნობი და მისტიკური ამბების ქარბუქი, ამჟამად უკვე ლამაზი სპეცეფექტებითა და ჰოლივუდის ვარსკვლავების მიერ მოყოლილმა ლეგენდებმა ხალხი კიდევ უფრო გაჟღენთა ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით, როგორც ჩანს ბობანისა  ჰოჯესების სურვილები, რომ თავისქალა სერიოზულად აღექვათ, მართლაც რაღაც დოზით ასრულდა.

ჯეუნ უოლში და მეგან საქსი არტეფაქტების არანამდვილობით იმედგაცრუებულები დარჩნენ. მეცნიერების თქმით, ორივეს გულის სიღრმეში უნდოდათ რომ საოცარი არტეფაქტების აღმომჩენები გამხდარიყვნენ, სამაგიეროდ მათ გაყალბებული არტეფაქტის გაყალბებულ ვარიანტებს ახადეს ფარდა რაც თავისთავად მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო.

ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმში თავისქალები გამოფენილია როგორც იმიტაცია და ტყუილი არტეფაქტები. იდუმალი ამანათი  ჯეინ უოლშის კაბინეტში ინახება, ხოლო ჰოჯესის კრისტალის თავისქალა მისი ოჯახის საკუთრებაა.

სიყვარულით კელისგან <3

გამოყენებული მასალა

ვებსაიტები

  • archive.archaeology.org
  • smistsonianmag.com
  • allthatsinteresting.com
  • History.com

წიგნები

  • Jane MacLaren Walsh & Brett Topping – The Man Who Invented Aztec Crystal Skulls
  • Chris Morton & Ceri Louise Thomas – The mystery Of The Crystal Skulls
  • James M. Arnold, JR – Mitchell-Hedges Skull Crystal Skull Mystery
  •  F. A. Mitchell-Hedges -Danger My Ally

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *