როგორ ამოვიცნოთ ნატურალური ციტრინი?

მოგესალმებით მეგობრებო, როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, დღეს უნდა ვისაუბრო ციტრინზე.

ციტრინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვაა, თვისებებისა და ვიზუალის გამო და ამავდროულად საკმაოდ რთულად საშოვნი მინერალიც გახლავთ, ამიტომაც, დღევანდელ ბაზარზე წააწყდებით უამრავ იმიტაციას და ხელოვნურ ციტრინს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, ყალბი ციტრინის შეძენის შემთხვევები ძალიან დიდია. მე პირადად კვირაში ორ-სამ ადამიანს მაინც ვესაუბრები, რომლებსაც ყალბი ციტრინი აქვთ შეძენილი.

წინა სტატიაში ვისაუბრეთ, რომ ინტერნეტიდან იშვიათი ქვების შეძენას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ, თუ რა თქმა უნდა მათი ამოცნობა არ იცით. დღეს კი, ამ სტატიით შევეცდები დაგეხმაროთ, რომ გაიღრმავოთ ცოდნა და ციტრინის შეძენისას მათი ელემენტარული მახასიათებლების შესახებ მაინც იცოდეთ და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

მაშ ასე, დავიწყოთ!

პირველ რიგში მალე მოვითავოთ შუშების თემა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დედამიწაზე არსებულ თითქმის ყველა პოპულარულ ქვას ჰყავს მისი ორეული შუშის სახით, როგორებიცაა:

მთვარის ქვის შემთხვევაში – ოპალიტი

ავანტურინის შემთხვევაში – სიყვარულის ქვა

ვარდისფერი კვარცის შემთხვევაში – ჩერი კვარცი და ა.შ.

ციტრინი არ არის გამონაკლისი, მასაც ყავს შუშის ორეული, სამწუხაროდ ყალბ ვარიანტს სახელი არ აქვს, რადგანაც უბრალოდ ყვითელი შუშაა. ახლა შევეცდები ფოტოებით გაჩვენოთ შუშის ვარიანტი.

დააკვირდით, მოცემულ ფოტოზე, ციტრინის იმიტაცია არის აბსოლიტურად გამჭირვალე, ყოველგვარი ჩანართების გარეშე. ამ ფოტოზე ჩანს, რომ “ქვას” ყიდიან როგორც დაუმუშავებელი ციტრინის ნატეხს. გაითვალისწინეთ, დაუმუშავებელ ციტრინს ყოველთვის თუ არა, უმეტეს შემთხვევაში აქვს კრისტალის ფორმა.

ამას კი რეალურად დამტვრეული შუშის ფორმა აქვს, ეს ძალიან მარტივი შესამჩნევია, ერთი ფერი, არანაირი გარდამავლობა, არანაირი ჩანართები, სუფთა გამჭირვალე ნატეხი შეუძლებელია ნატურალური ციტრინი ან ნებისმიერი სხვა ქვა იყოს. მსგავსი ყვითელი ან ცისფერი შუშები არაერთხელ მინახავს ტოპაზის ან აკვამარინის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკვირდით, გინდ ონლაინში გინდ მაღაზიაში შეძენისას. კრისტალს უნდა ქონდეს ფორმა, ან რაიმე მახასიათებელი რომ ნამდვილად ბუნებისგან არის წარმოქმნილი. იმედი მაქვს ფოტოების დახმარებით მარტივად მიხვდებით.

გადავიდეთ ციტრინის გაყალბების ყველაზე ცნობილ მეთოდზე. რა თქმა უნდა ვსაუბრობ თერმულად დამუშავებულ (შემწვარ) ამეთვისტოზე.

ახლა შევეცდები მარტივად აგიხსნათ განსხვავება ამეთვისტოსა და ციტრინის კრისტალს შორის.

ამეთვისტო ყალიბდება “დრუზის” სახით. ეს არის, როდესაც დედა ქვაზე ვიღებთ დაკრისტალებულ ფორმას. ფოტოში კარგად დაინახავთ. და ყოველთვის! ამეთვისტოს ძირი თეთრია და დაბოლოებები მუქდება.

ამიტომაც, ამეთვისტოს “დრუზი” ყოველთვის ორ ფერშია, თეთრიდან გარდამავალი იისფერი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამეთვისტოს კრისტალი არ არსებობს, ამეთვისტოს არ ახასიათებს კრისტალის სახით ჩამოყალიბება, ანუ ამეთვისტოს ნატეხს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მას აქვს წვეტიანი დაბოლოება, მაგრამ არ აქვს ექვსკუთხიანი ტანი.

მსგავსი კრისტალის წყობა ახასიათებს სხვა კვარცებს, როგორიცაა მთის ბროლი, კვამლიანი კვარცი და ციტრინი, ესეც ერთი განსხვავება, რითიც მარტივად მიხვდებით, ციტრინი ციტრინია თუ შემწვარი ამეთვისტო. ახლა გაჩვენებთ ფოტოებს სადაც მათ განსხვავებას ნათლად დაინახავთ.

კარგად დააკვირდით თეთრიდან გარდამავალ ფერს. რეალურად მათ შორის განსხვავება მხოლოდ ფერია. კრისტალის ფორმა ერთიდაიგივეა, ციტრინს კი სულ სხვანაირი ფორმის კრისტალი აქვს. ახლა გაჩვენებთ ნატურალურ ციტრინს, გაითვალისწინეთ რომ ხანდახან ნატურალურ ციტრინსაც აქვს თეთრი ძირი, მაგრამ ფერი და ფორმა განსხვავებულია.

კარგად დააკვირდით ფერს! შემწვარ ამეთვისტოს მართლაც შემწვარი ფერი აქვს.

თერმულად დამუშავებული ამეთვისტო

გადავიდეთ დამუშავებულ ქვებზე, აქაც დააკვირდით ფერს!

ქვედა ფოტოზე ნატურალური ლიმნის ციტრინია. დააკვირდით ერთფეროვან შეფერილობას და ჩანართებს. მათ არ აქვთ თეთრიდან გარდამავალი ფერი.

ნატურალური ციტრინი

ასე გამოიყურება ლიმნის ციტრინის დიდი კრისტალი. იმედი მაქვს განსხვავებას ამჩნევთ.

რაც შეეხება ციტრინის თვლებს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. როდესაც თქვენ ხედავთ მოჭრილ, სუფთა თვალს, რომელსაც არ აქვს არც კრისტალის ფორმა და არც რაიმე სახის ჩანართი, ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა ეს ნატურალური ციტრინია თუ რომელიმე შეღებილი კვარცი ან სულაც შუშა. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, რადგანაც შეუიარაღებელი თვალის გარეშე შეუძლებელია ნატურალური გამჭირვალე ქვის გარჩევა, ეს მარტო ციტრინს არ ეხება, ნებისმიერ ქვაზე მაქვს საუბარი. თვლების გარჩევა ყველაზე რთული საკითხია. ამიტომაც, როდესაც ციტრინის თვლის შეძენას გადაწყვეტთ, უბრალოდ შეიძინეთ კარგი რეპუტაციის მქონე გამყიდველისგან.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვიმედოვნებ ეს სტატია ცოტათი მაინც დაგეხმარებათ.

სიყვარულით კელისგან ♥