გამარჯობა ჩემო საყვარელო ხალხო. არ მეგონა ამ თემას კიდევ თუ შევეხებოდი, რადგანაც უკვე სამ სტატიაში და ორ ვიდეოში და ასევე არაერთ პოსტში მაქვს ახსნილი მთვარის ქვასა და ოპალიტს შორის განსხვავება. მაგრამ არაუშავს, რადგანაც ეს საკითხი ისევ პრობლემატურია, მე აქ რისთვის ვარ?!
მაშ ასე!
მთვარის ქვა, რა შესანიშნავი ულამაზესი და მაგიური ვიზუალის მქონე ქვაა… იმდენად ლამაზი რომ მისი მოპოვების სამუშაოები კანადაში გაორმაგებული და გასამმაგებული ძალებით მიმდინარეობს, იმისთვის, რომ მომწოდებლებმა მომხმარებლების მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. რა თქმა უნდა მთვარის ქვა მოიპოვება ინდოეთშიც, მაგრამ მისი ხარისხი კანადის ხარისხთან ახლოსაა ვერ მივა. ამიტომაც ხარისხიან მთვარის ქვაზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მისი ჩამოტანა სამკაულის სახით თითქმის შეუძლებელია.
ადამიანები ვისაც ქვებთან შეხება არ აქვთ და ამ საკითხში ვერ ერკვევიან უმეტესად ყიდულობენ ე.წ. ოპალიტს. ოპალიტი მეგობრებო როგორც იცით არის შუშა და მეტი არაფერი. ოპალიტი ასევე ერევათ ოპალში, სახელების მსგავსები გამო. ამიტომ მოდით ჩამოვწერთ რომ არ აგვერიოს:
- მთვარის ქვა – ნატურალური
- ოპალი – ნატურალური
- ოპალიტი – შუშა.
ამ ქვებს ერთმანეთთან არაფერი საერთო არ აქვთ, ვიზუალური მსგავსების გარდა და მოდით ალალად ვთქვათ, ოპალიტი და ნამდვილი მთვარის ქვა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან, ფერით, არეკვლით, წონითა და ტემპერატურით. მოკლედ სულ ცოტა, ოდნავი ძალისხმევაა საჭირო რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეძლოთ და სწორედ ამ სტატიაში აგიხსნით თუ ეს როგორ უნდა მოახერხოთ.
პირველ რიგში გამოვიკვლიოთ მთვარის ქვის ნაირსახეობები და ვიზუალი.
მთვარის ქვა გვხვდება რამდენიმე ვარიანტში. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ იმ ორს, რომელსაც ყველაზე მეტად გამოიყენებენ სამკაულში, ესენია ცისარტყელა და აბრეშუმის მთვარის ქვა. არ დაგავიწყდეთ ეს ორივე ნატურალური ქვაა.
აბრეშუმის მთვარის ქვა (სახლიდან გამომდინარე) აბრეშუმს წააგავს. ის გვხვდება უფრო რბილ ფერებში, აქვს ე.წ. კატის თვალის ეფექტი, შესაძლებელია შეგხვდეთ სხვადასხვა ფრერებში, კრიალებს მაგრამ არ ანათებს ცისფრად. ფოტოებზე კარგად ჩანს მისი ოპტიკური თვისებები.
მეორე მთვარის ქვა ანუ ცისარტყელა ზოგადად არის ღრუბლისებური სტრუქტურის მქონე, უმაღლეს ხარისხებში გვხვდება გამჭირვალე სახითაც (რაც ძალიან ძვირი და იშვიათია) და უმეტეს შემთხვევაში ირეკლავს მოცისფრო, მოლურჯო, თუ გაგიმართლათ მოიისფრო და ხშირად მოყვითალო ფერს. ხანდახან ეს ოპტიკური ეფექტი იმდენად ძლიერია რომ გეგონებათ თითქოს ქვა ანათებსო. მთვარის ქვას იმდენად გამოხატული ვიზუალი აქვს, ერთხელ ნახვის შემდეგ შეუძლებელია წამებში ვერ გაარჩიოთ.
გარდა ამისა მთვარის ქვა არის საკმაოდ მყიფე და მარტივად მსხვრევადი ქვა, ამიტომაც მისგან სამკაულების დამზადებას ერიდებიან, იშვიათად ხვრეტენ ქვას საკიდისთვის, ხანდახან ქვაში გაჩრილი უხარისხო მეტალი მისი ზედაპირის დაზიანებას და ქვის გატეხვასაც იწვევსვ თუ პროფესიონალის მიერ არაა დამზადებული.
ახლა დავაკვირდეთ ოპალიტს.
ოპალიტი არის ნახევრად გამჭირვალე, რძისფერი შუშა, შუქზე გახედვისას მოყვითალო ფერს იღებს, შავზე – ცისფრად ნათდება. გვხვდება ასაწყობი ბურთების და უკვე მზა სამკაულის სახით.
ოდესმე გიფიქრიათ თუ რატომ არასოდეს გინახავთ დაუმუშავებელი ოპალიტი? ალბათ იმიტომ რომ დაუმუშავებელი ოპალიტი აი ასე გამოიყურება.
უბრალო შუშის კუბი, რომელსაც შემდეგ ჭრიან სასურველ ფორმებსა და ზომებში. ახლა დავაკვირდეთ ნატურალური მთვარის ქვის ნატეხს.
ოგორც ხედავთ ის ირეკლავს ლურჯად, არ არის სრულყოფილი ფორმის და აქვს შავი ჩანართები რაც თავისთავად ნატურალურობაზე მეტყველებს.
საინტერესო ისაა, რომ სპეციალურად დავდე პოსტი ოპალიტის ფოტოთი და ვკითხე ხალხს, თუ მათი აზრით რა იყო ფოტოზე.
პადუხების დაახლოებით 65% ის აზრით ეს ოპალიტი იყო მთვარის ქვა, 15%-მა სხვადასხვა ქვები დაასახელეს, მხოლოდ 20% – მა თქვა რომ ეს იყო შუშა.
აქედან დასკვნა: გამაფრთხილებელი სტატიებისა და პოსტების წერა ახლა იწყება მანამ სანამ 20%-ს მინიმუმ 60% მდე არ ავალთ 😀
არსებობს კიდევ ერთი ყალბი ვარიანტი, რომელსაც ხშირად ყიდიან როგორც მთვარის ქვას, ხანდახან კი როგორც ლაბრადორიტს. ამ ვარიანტის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, ვიცი რომ არის შუშა და ეძახიან ქალთევზას ქვას.
ვერაფერს იტყვი… ლამაზია, მაგრამ სამწუხაროდ ნატურალური ქვა არაა.
მოკლედ მემგონი თემა ამოვწურეთ, ერთის გარდა. ახლა მე თქვენ დავტოვებთ ფოტოს და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, რომელია ქალთევზას ქვა, რომელია აბრეშუმის მთვარის ქვა, რომელია ცისარტყელა მთვარის ქვა და რომელია ოპალიტი.
ველი თქვენს პასუხებს! მანამდე კი თუ კითხვა გექნებათ ან მთვარის ქვის შეძენა მოგინდებათ მოგვწერეთ აუცილებლად.