როგორ ამოვიცნოთ ნატურალური მალაქიტი

მოგესალმებით მეგობრებო! ვაგრძელებ სტატიების სერიას, ხშირად გაყალბებადი ქვების შესახებ და ამჟამად უნდა ვისაუბროთ, ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვა მალაქიტზე.

როგორც ყველამ იცით, ბოლო რამდენიმე წელია ნატურალური მალაქიტი უფრო და უფრო ძვირდება და მისგან დამზადებული სამკაულების ჩამოტანა თითქმის შეუძლებელი გახდა. მალაქიტის რაოდენობა ჩვენს მაღაზიაშიც ხშირად შეზღუდულია ხოლმე, ამაზე ხშირად მეუბნებით ხოლმე საყვედურს, მაგრამ სინთეტიკის ჩამოტანას მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს. სწორედ ამ მიზეზებისგან გამომდინარე, დღეს გადავწყვიტე კონკრეტულად მალაქიტზე და მის იმიტაციებზე ვისაუბრო.

ხშირად გამიგონია ხალხისგან, რომ ნებისმიერი ქვის ნატურალურობის დადგენა სიმძიმითა და ტემპერატურით არის შესაძლებელი და ამდენის წერა სულაც არაა საჭირო, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება ყველა ქვაზე ნამდვილად არ შეიძლება, მოგიყვანთ მაგალითებს:

დავუშვათ ვსაუბრობთ ციტრინზე, თქვენ შეიძინეთ თერმულად დამუშავებული – იგივე შემწვარი ამეთვისტო და გგონიათ რომ ნამდვილი ციტრინია, თუ ტემპერატურით და წონით მისი ნატურალურობის დადგენას შეეცდებით რა თქმა უნდა იფიქრებთ, რომ ნატურალურია, რადგანაც ამეთვისტო არის მძიმე და ცივი ქვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ციტრინია. ანუ ქვის სიცივემ, შეიძლება მოგატყუოთ.

ასევე გიშერის გარჩევაა საკმაოდ რთული რადგანაც ორგანული ქვაა, ასევე ობსიდიანის, რომელიც ძალიან მჩატეა, ამაზონიტი – რომელიც ოთახის ტემპპერატურას ინარჩუნებს და კარგად არ პრიალებს… მოკლედ ამ თემაზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ რა შუაშია აქ მალაქიტი? საქმე ისაა, რომ სწორედ მალაქიტის გარჩევა ტემპერატურით და წონით ძალიან მარტივად შეგიძლიათ, რადგანაც მალაქიტი საკმაოდ მძიმე და ცივი ქვაა, ხოლო მისი სინთეტიკური იმიტაცია, არ პრიალებს, მსუბუქი და შედარებით ნაკლებად ცივია.

მოდით კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამ თემას, მე შევეცდები სინთეტიკურსა და ნატურალურ მალაქიტს შორის მთავარი განსხვავებები აგიხსნათ და დამიჯერეთ, როგორც კი ერთხელ მიხვდებით სხვაობას, მას შემდეგ ერთი შეხედვითაც შეძლებთ მათ გარჩევას.

მაშ ასე! დავიწყეთ.

ფერი!

რაც ყველაზე მთავარია. მალაქიტს იმდენად უნიკალური და გამორჩეული ფერი აქვს, რომ თითქოს მისი გაყალლბება მარტივი არ უნდა იყოს, მაგრამ მიუჩვეველი თვალისთვის, ამ სხვაობების გარჩევა ხანდახან არც ისე მარტივია. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ მალაქიტის სულ პატარა კაბოშონშიც კი შეიძლება მწვანე ფერის რამდენიმე გრადაცია იყოს, სწორედ ესაა შეცდომის თავი და თავი. გარდა იმისა, რომ მალაქიტში სხვადასხვა ფერის მწვანეა, მათ შორის გადასვლები ყოველთვის რბილი და შეუმჩნეველია. აი სინთეტიკურ ვარიანტში კი მხოლოდ 3 – 4 ფერის მწვანეა, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურით არიან განაწილებულები, მაგრამ მათ შორის რბილ და გრადიენტულ გადასვლას ვერ ნახავთ. მუქი მწვანედან პირდაპირ ღია მწვანეზე ისე გადადის, შუა გარდამავალ ტონს ვერცკი შეამჩნევთ. ახლა გაჩვენებთ ფოტოს და შევეცდები უფრო მარტივად აგიხსნათ.

როგორც ხედავთ ამ გულსაკიდს აქვს ოთხი მწვანე ფერი. მუქი – თითქმის შავი, საშუალო – ჭაობისფერი, შედარებით ღია და ძალიან ღია თითქმის ფოსფორის ფერი. კარგად დააკვირდით ამ ოთხ ფერს, კარგად დაიმახსოვრეთ ისინი, რადგანაც სინთეტიკურ მალაქიტში მხოლოდ ეს ოთხი ფერი მონაცვლეობს, არ არსებობს სინთეტიკურ მალაქიტს ფერებს შორის ქონდეს გრადიენტული გადასვლა და არ არსებობს მას შეერიოს რომელიმე სხვა მწვანე ფერი.

ახლა გაჩვენებთ სინთეტიკური მალაქიტის ფოტოებს და თავად შეეცადეთ მათში იპოვოთ ის ოთხი ფერი. არაა გამორიცხული, კონკრეტული გულსაკიდი ან კაბოშონი შეიცავდეს იმ ოთხიდან მხოლოდ ორ ან სამ ფერს, მაგრამ მეტ გრადაციას ნამდვილად ვერ იპოვით.

ასევე, გაითვაისწინეთ, რომ სინთეტიკური მალაქიტი არ არის შეღებილი, ანუ რომც გაჭრათ და დაამტვრიოთ, შიგნით იგივე ფერი ექნება.

გადავიდეთ კიდევ ერთ მახასიათებელ თვისებაზე. როგორც იცით მალაქიტს უმეტესად აქვს ულამაზესი ზოლები ან ნახატები, ერთი შეხედვით სინთეტიკურ მალაქიტსაც აქვს იგივე ვიზუალი, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სინთეტიკური მალაქიტის შემთხვევაში ზოლები და ფერები ქაოტურადაა განლაგებული, მათ არ აქვთ ის სტრუქტურა, რომლითაც მალაქიტის გამორჩევა შეგიძლიათ. მაქვს საუბარი რკალებზე.

მალაქიტი წრიული სტრუქტურის მქონე მინერალია, ასე გამოიყურება დაუმუშავებელი ვარიანტი.

როგორც ხედავთ სანამ მალაქიტს არ გააპრიალებენ, თითქოს ერთი ფერისაა და ის სახასიათო ხაზები საერთოდ არ გააჩნია. სწორედ ასეთი ბურთულებიანი სტრუქტურის გამოა, რომ მალაქიტი იზრდება ფენების სახით და ყოველი ფენა, როგორც ხე იკეთებს სხვადასხვა ფერის რკალს. მე თუ მკითხავთ ეს საოცრებაა! მაგრამ გავაგრძელოთ პრაქტიკულ თემებზე საუბარი.

ახლა გაჩვენებთ მალაქიტის ფოტოებს, სადაც გარკვევით ჩანს სხვადასხვა ტიპის ჩანართები, ფენები და ნახატები.

მაშ ასე, როგორც ხედავთ დავადგინეთ, რომ მალაქიტის ხაზები ყოველთვის ან უნდა იყვნენ წრიულები, ან ნახევარ რკალი ან სულ ცოტა ხაზი დახრილი მაინც უნდა იყოს (გააჩნია ქვის ჭრას). სინთეტიკის შემთხვევაში კი ეს სტრუქტურა უმეტესად გაურკვეველი და ადღაბნილია. ხანდახან მგონია, თითქოს ოთხი სხვადასხვა მწვანე ფერი ერთ ქვაბში ჩაასხეს, ერთი ორჯერ ამოურიეს, ჩამოასხეს, გააშრეს და რაც გამოვიდა ეგაა სინთეტიკური მალაქიტი, რეალურად მისი ფერი კამუფლაჟს უფრო მაგონებს ვიდრე ნატურალურ ქვას.

სინთეტიკური მალაქიტი, “ახალი ჩამოსხმული”

მაგრამ როგორც უკვე ვთქვი გამოუცდელი ადამიანისთვის ამ შეცდომის დაშვება ძალიან მარტივია. მე ასევე ნანახი მაქვს, იმიტაციის ძალიან უცნაური ფორმა, სადაც ნატურალურ მალაქიტს ან სინთეტიკურ მალაქიტის ნაწილაკებს ერთად აწებებენ და ისე ყიდიან მალაქიტად… რაც ძალიან უცნაურია და არ ვიცი როგორ უნდა მოტყუვდეს ადამიანი მსგავსი ვარიანტით.

მოდით შევაჯამოთ. გავიგეთ, რომ მალაქიტი არის ცივი, მძიმე ქვა, რომელიც ყალიბდება წრიულად და ამიტომაც მოჭრილ მალაქიტს აუცილებლად უნდა ქონდეს ხაზები და რკალური სტრუქტურა. ანუ როდესაც ამ ქვის შეძენას გადაწყვეტთ დააკვირდით მის ტემპერატურას, მის გაპრიალებას, მის წონას და მის ხაზებს, რომელიმე მეთოდით მაინც ამოიცნობთ ნატურალლურ მალაქიტს. ახლა კი ბოლოს, მინდა დაგიტოვოთ ორი ფოტო, ერთი არის ნატურალური მეორე კი სინთეტიკა, დატოვეთ კომენტარები, თქვენი აზრით რომელი რომელია.

სიყვარულით კელისგან <3