ზურმუხტი

ქიმიური ფორმულა – Al2Be3Si6O18
სიმაგრე – 7.5 – 8
ფერი – მწვანე

ზურმუხტი ბერილის ჯგუფიდან ყველაზე ძვირადღირებული ქვაა. მისი სახელი ძველი ფრანგული სიტყვა ‘esmeralde’-დან მოდის, რომელიც ბერძნული სიტყვა ‘smaragdos’-დან არის გადმოღებული და „მწვანე ქვას“ ნიშნავს. ზურმუხტი „ძვირფას ოთხეულში“ საპატიო ადგილს იკავებს. მიუხედავად მისი იშვიათობისა, მინარევებიან ზურმუხტს შედარებით მარტივად იშოვით, ეს გამჭირვალე და სუფთა ზურმუხტია ასეთი ძვირფასი.

„ზურმუხტის საბადოები საქართველოში არაა და იგი იმპორტული წარმოების საგანი იყო, რაც განსაკუთრებით ზრდიდა მის ფასს. ანტიკური მცხეთის მასალებში ბევრია ზურმუხტით შემკული სამკაულები. თამარ მეფის ტახტზე აყვანის ცერემონიალისას, მეფე გიორგიმ, „დაადგა გვირგვინი ოქროსა თავსა მისსა ოქროსა მის ოფაზისა აღმკული იაკინთითა, ზმირითა და სამარაგდითა მიერ“. ზურმუხტი თავისი ულამაზესი ფერის გამო არაერთხელ ქცეულა პოეტური მჭერმეტყველების საგნად. იგი ნაცნობი და საყვარელი ფერი იყო ქართველთათვის.“ – ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში – nplg.gov.ge

იმიტაციები

თითქმის ყველა, უმაღლესი ხარისხის ზურმუხტებსაც აქვთ დეფექტები, ჩანართები და მიკრო ბზარები, ამიტომაც ზურმუხტის მწვანე შუშისგან და სხვა ქვებისგან გარჩევა მარტივია. ზურმუხტის სახელით ხშირად წააწყდებით მწვანე ტურმალინს, მწვანე შუშას და სხვა მწვანე ფერის ქვებს. ზურმუხტი იმ ქვების სიაში შედის, რომლებსაც წარმატებულად ზრდიან ლაბორატორიებში, მიუხედავად ამისა სინთეტიკური ზურმუხტიც საკმაოდ ძვირია.

საბადოები

კოლუმბია ზურმუხტის მონოპოლისტად ითვლება, მაგრამ მისი ნახვა ბრაზილიაში, აფრიკაში, ზიმბაბვესა და რუსეთშია შესაძლებელი.

თვისებები

ძველად ზურმუხტს ინტუიციის გასაღრმავებლად და მედიტაციისას იყენებდენ. ზურმუხტი ერთ-ერთი უძლიერეს დამცავ ქვად მიიჩნევა. ტრადიციულად, სხვადასხვა კულტურებში ზურმუხტი ფინანსებისა და სიუხვის მომტან ქვად ითვლება. ადრე მიაჩნდათ, რომ მისი პატარა ნატეხის ქონაც კი ადამიანს წარმატების მოზიდვაში დაეხმარებოდა. თანამედროვე ეზოთერიკოსები ზურმუხტს ბიზნესის გასაზრდელად და საზოგადოების დადებითად განსაწყობად იყენებენ. ამბობენ, რომ ამ ქვას როგორც ოჯახში, ასევე მეგობრებსა და პირად ცხოვრებაში, სიყვარულის მოტანა შეუძლია.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ ზურმუხტი კარგია დიაბეტის პრევენციისთვის, ასევე თავის ტკივილისას, გულის პრობლემებისას, უძილობის შემთხვევაში, ნერვული სისტემის პრობლემებისას, ფილტვებისთვის, მაღალი ტემპერატურისას, იმუნიტეტის ასამაღლებლად და ზოგადად დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა