გამარჯობა მეგობრებო, მოვედი იმისთვის, რომ ძალიან დიდ საიდუმლოს ავხადო ფარდა! ვიღაცისთვის ეს შეიძლება სულაც არ იყოს საიდუმლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ საკმაოდ გაკვირვებულები დარჩებით ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ.
ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა განსხვავებაა ძვირფასსა და ნახევრად ძვირფას ქვებს შორის. პასუხი არის….. არანაირი!!
საქმე იქამდე მივიდა რომ ა.შ.შ-ს ფედერალურმა კომისიამ ბანი დაადო სხვადასხვა ქვების ამ ორ კატეგორიად გაყოფას, რადგანაც ეს ყველაფერი დიდ გაურკვევლობას იწვევდა მყიდველებში. ამჟამად მხოლოდ ოთხი ქვა ითვლება ძვირფასად, ესენია: ზურმუხტი, ლალი, საფირონი და ბრილიანტი.
ამ ტერმინმა „ძვირფასი და ნახევრად ძვიფრასი“ სათავე აიღო XIX საუკუნის შუა ნახევარში, რათა გამოერჩიათ ის ქვები, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის, პოპულარული და იშვიათი იყო. იმასაც გეტყვით, რომ ამ დროის განმავლობაში მარგალიტი და ოპალი ძვირფასი ქვების სიაში შედიოდნენ. ამეთვისტოც ძვირფას ქვად ითვლებოდა, მანამ სანამ ბრაზილიასა და ურუგვაიში დიდი საბადოები არ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მან დაკარგა ეს წოდება.
მიუხედავად იმისა რომ 1867 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს უდიდესი ბრილიანტის საბადოოები მას „ძვირფასი“ ქვის წოდება არ დაუკარგავს. დიახ, გაგიკვირდებათ და ბრილიანტი (ალმასი) სულაც არ არის იშვიათი ქვა. მას ამხელა ფასი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის წყალობით აქვს, რომლებმაც იზრუნეს იმაზე რომ ბრილიანტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქვა გამხდარიყო. ამ თემას ვრცლად სულ ცოტახანში შევეხებით, მანამდე კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ნახევრად ძვირფასი“ ქვების კატეგორიაში არსებობს ისეთი ქვები, რომლებიც საფირონზე, ბრილიანტზე, ლალსა და ზურმუხტზე ბევრად იშვიათია, მაგალითად ტანზანიტი, რომელიც მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მოიპოვება (ტანზანია), მიუხედავად ამისა ეს ქვა არ ითვლება ძვირფასად. თქვენ წარმოიდგინეთ და ალექსანდრიტიც არ შედის ძვირფასი ქვების სიაში.
ალექსანდრიტი ტანზანიტი
მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ეს სახელები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი, ქმნის ილუზიას, რომ ერთი კატეგორიის ქვები უფრო ღირებული, უცხო და იშვიათია ვიდრე მეორე. ნახევრად ძვირფასი ქვების ჩამონათვალში შედიან ისეთი ქვებიც, რომლებიც სულაც არ არიან ქვები. მემგონი ცოტა დაგაბნიეთ, ახლავე აგიხსნით, მაგალითად ქარვა, არ არის ქვა, არც მარჯანი, არც გიშერი და არც მარგალიტი, მაგრამ რადგანაც მათ იყენებენ სამკაულში, უბრალოდ მიაწერეს სახელი „ქვა“. ამ ოთხეულს ორგანულ რესურსს ეძახიან. დღემდე მიმდინარეობს კამათი, იმის შესახებ თუ რის მიხედვით უნდა კლასიფიცირდეს ქვები და აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ფერს. ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, რადგანაც ჯერ ამ კითხვას პასუხი ვერავინ გასცა, ან უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ.
მიუხედავად იმისა რომ ძვირფასი ქვები უფრო პოპულარულები არიან და მომხმარებელმა მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იცის, არსებობს ისეთი ნახევრად ძვირფასი ქვები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდნენ პირველობას სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ ბრილიანტი და მოდით გავეცნოთ ინფორმაციას, თუ რატომ არის ბრილიანტი ძვირფასი და ამდენად ძვირადღირებული ქვა.
ბრილიანტის გარშემო უამრავი მითი არსებობს. გაგიკვირდებათ და ეს მითები არ არის ანტიკური ან თუნდაც საუკუნეების წინანდელი. ისტორიულად ფერადი ქვები, როგორიცაა ლალი და საფირონი ბევრად უფრო ძვირფასი და პოპულარული იყო ვიდრე ბრილიანტი, რომელიც სულაც არ არის იშვიათი ქვა. მაგრამ მეოცე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. პირველი რაც მოხდა, იყო, რომ სამხრეთ აფრიკაში ბრილიანტის უდიდესი საბადოები აღმოაჩინეს, ბრილიანტის მოწოდების რაოდენობა ისედაც დიდი იყო და ამ აღმოჩენამ ალმასის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. რეალურად ბრილიანტს ტონობით მოიპოვებდნენ, ამ დროს მათზე მოთხოვნა საერთოდ არ იყო.
სამხრეთ აფრიკის მაღაროების მფლობელებს ინვესტიციების დაკარგვის საფრთხე შეექმნათ, ამიტომაც მათ შექმნეს უძლიერესი De Beers-ის კარტელი, რომელიც დღესდღეობითაც აკონტროლებს ბაზარზე ბრილიანტის რაოდენობასა და წარმოებას. უმაღლესი ხარისხის ბრილიანტი სულაც არ არის იშვიათი, უბრალოდ De Beers-ის კარტელი მათ ისეთი რაოდენობით გვაწვდის რომ ბაზარზე მაღალი ფასი შეინარჩუნოს. აგრეთვე De Beers-ის კარტელმა ძალიან დიდი თანხები და შრომა ჩადო ალმასის რეკლამირებაში, მათ მოახერხეს ბრილიანტის ხსენებასაც კი თქვენში შეუღლების, სიყვარულის, მარადისობის, ქორწინებისა და ფუფუნების ასოციაციები მოეტანა.
ალბათ დამეთანხმებით ნიშნობის ბეჭედი აუცილებლად ბრილიანტის უნდა იყოს. შემთხვევით ხომ არ გაგახსენდათ: „ბრილიანტი ქალის საუკეთესო მეგობარია?“ დიახ, ესეც De Beers-ის კარტელის მარკეტინგის ნაწილი იყო.
იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, საქორწინო და დასანიშნ ქვად, სხვადასხვა კულტურებში, მთვარის ქვა მიიჩნეოდა. ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია ხელახლა იმკვიდრებს თავს რაც ძალიან მახარებს. თუ გსურთ ამ ინფორმაციის გადამოწმება და დარწმუნება იმაში, რომ რეალურად ბრილიანტს ამხელა ფასი არ აქვს, წაიღეთ თქვენი ბრილიანტის სამკაული „ლომბარდში“ და ნახავთ, ბრილიანტს არ ჩაიბარებენ, აწონიან მხოლოდ ოქროს და გადაგიხდიან ოქროს ფასს. ანუ როდესაც ბრილიანტიან სამკაულს ყიდულობთ, მაღაზიიდან გამოსვლისთანავე მისი ფასი ნახევრდება. შევეცდები ამ თემაზე სულ ცოტახანში უფრო ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ნახევრად ძვირფასი ქვები, როგორიცაა ალექსანდრიტი, დემანტოიდი, ცავოიტი (მწვანე ძოწი) ტანზანიტი, სუფთა აკვამარინი, ტურმალინი და შპინელი საკმაოდ ძვირადღირებული ქვები არიან და გასაგებია რატომაც, მათი მარაგი დედამიწაზე ძალიან ცოტაა. დღესდღეობით იმდენად ბევრი ქვა არის იშვიათი, რომ ამ დაყოფას უკვე აზრიც კი ეკარგება, როგორც უკვე ვთქვი ა.შ.შ-ს ფედერალურმა კომისიამ ბანი დაადო სხვადასხვა ქვების ამ ორ კატეგორიად გაყოფას სიტყვებით: „გამყიდველებმა თავი აარიდეთ ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ტერმინის გამოყენებას, ქვების აღწერისას“ მეც გირჩევდით რომ აარჩიოთ ქვები მათი სილამაზისა და დატვირთვის მიხედვით და ნუ დააფასებთ ქვებს მხოლოდ იმიტომ რომ აქვთ დიდი ფასი.
იმედი მაქვს ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ბევრ თემაზე გექნებათ პასუხი და მიხვდებით ქვების შორის ღირებულებების ამ უცნაურ განსხვავებას, ასევე მინდა ვთქვა რომ, ხშირად ვაწყდები უცნაურ გაუგებრობას, როდესაც ვამბობ ტერმინს ნახევრად ძვირფასი, ყველას ჰგონია რომ ვგულისხმობ ნახევრად ნატურალურს. ეს საკმაოდ დიდი შეცდომაა და მინდა იცოდეთ, რომ არ არსებობს ნახევრად ნატურალური ქვა, არსებობს ნატურალური ქვები და იმიტაციები. ამ თემას უფრო ვრცლად ამ ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, გადმოდით ჩვენს ფეისბუქის გვერდზე და მკითხეთ შევეცდები მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
სიყვარულით კელისგან <3