გიშერი

სიმაგრე – 2.5 – 4
ფერი – შავი

მიუხედავად იმისა, რომ გიშერი ქვების სიაში შედის, ის არაა მინერალი. გიშერი ქვად გადაქცეული (გაქვავებული) ხეა, (ნამარხი ნახშირი). ის ორგანული წარმოშობის ნახევრად ძვირფასი ქვაა, ამ სიაში ასევე შედის ქარვა, მარჯანი, მარგალიტი და სადაფი. ქართულ ენაზე გიშერის მეორე სახელწოდებაა „სატი“.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გიშერი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, საქართველოში ეს ქვა ტრადიციულად წმინდა და მოთხოვნადია.

საბადოები

გიშერს დაახლოებით 180 წლის წინ ინგლისში მოიპოვებდნენ, მანამდე რომშიც საკმაოდ პოპულარული იყო. დღესდღეისობით გიშრის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი შოტლანდიაა.

გიშრის სიუხვით საქართველოც გამოირჩევა. საქართველოში  ყველაზე ცნობილი საბადოებია ყაზბეგის რაიონში, ზემო სვანეთში და შოდას მთაზე.

„არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანაში გიშრიდან მძივების დამზადებას უკვე მასობრივი ხასიათი ჰქონია. ქართული გიშერი და გიშრის ნაწარმი საექსპორტო საგანი იყო და საქართველოდან შორს გადიოდა უკვე ანტიკურ ხანაში. გიშერი გამორჩეულად უყვარდა მუდამ ქართველ ხალხს და საუკუნეთა განმავლობაში ეს სიყვარული არ დაკარგულა. გიშრის კეთილშობილური ელვარება მშვენივრად ესადაგებოდა ქართველი ქალის დახვეწილ გემოვნებას, მის სადა, უპრეტენზიო ჩაცმულობასა და სამკაულს. “ – dzeglebi.ge

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, გიშერს გამწმენდი ენერგია აქვს. მის ვიბრაციას ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდე და სისუფთავე მოაქვს. გიშერს ოდითგანვე ავისა და თვალისგან დასაცავად იყენებენ. მიაჩნდათ, რომ გიშერს ფინანსურ საკითხებში სტაბილურობა მოაქვს. მას ძველად გულსაკიდის სახით ატარებდნენ (ვერცხლში). დღეს გიშერს, უმეტესად სამაჯურის სახით ატარებენ. ხშირად ამზადებენ კრიალოსნებს და ჯვრებს. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ როდესაც მფლობელი გიშერს ატარებს, ის წმენდს მას და უარყოფით ენერგიას თავის თავზე იღებს, ამიტომაც აუცილებელია მისი გაწმენდა, ხშირ შემთხვევაში გიშერი შუაზე ტყდება, ამას ხშირად “თვალის აღებას” ეძახიან, მაგრამ მეცნიერები, ამ მოვლენას გიშრის სიმყიფეს და ტემპერატურის სენსიტიურობას აბრალებენ.

სამკურნალო თვისებები

ტრადიციულად მას ტკივილების გასაყუჩებლად, ეპილეფსიის, შაკიკის, სიცხის,  სისხლძარღვების, გულის, ღვიძლის, თირკმელების და ჯირკვლების პრობლემების სამკურნალოდ იყენებდნენ. ეს პრაქტიკა ლიტოთერაპევტებში დღემდე ვრცელდება.

ჩაკრები

გიშერი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.