გამარჯობა ჩემო კარგო ხალხო, რამდენი ხანია ბლოგზე სიტყვაც არ დამიწერია მომენატრეთ!
მოდით გადავიდეთ უცბათ საქმეზე, რადგანაც საკმაოდ საინტერესო საკითხს უნდა შევეხო, რომელიც ბევრ, დამწყებ მყიდველს დაეხმარება.
ძალიან ხშირად მიწევს ახსნა თუ რა არის აურა კვარცი, ასევე გაგონილი გექნებათ სახელები: Angel aura, Opal aura, Aqua aura, Rainbow Quartz, Titanium Quartz… და ა.შ.რეალურად aura quartz-ი არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც შემდგომ, ხელოვნურად, სხვადასხვა მეტალითაა დაფარული. უმეტესად ასეთი მეთოდით აქატის კრისტალებს და კვარცებს ფერავენ.
ტექნოლოგია ასეთია – უმეტესად გამჭირვალე, ან ნაცრისფერ მინერალს ფარავენ სხვადასხვა მეტალებით, რომ მინერალმა მეტალიკი ფერი მიიღოს. დასაფერად იყენებენ ინდიუმს, ტიტანს, ოქროს, ნიობიუმსა და სპილენძს.
მაგალითად აქვა აურა იქმნება ვაკუუმის კამერაში, კვარცის კრისტალისგან და ოქროს ორთქლის დეპონირებისგან. ამ პროცესისას კვარცის კრისტალი, ვაკუუმში ცხელდება 871 °C- მდე და შემდეგ კამერაში ამატებენ ოქროს ორთქლს. ოქროს ატომები ერთვებიან კრისტალის ზედაპირს და სწორედ ეს აძლევს მას ასეთ ულამაზეს შეფერილობას.
მაგალითად ცისარტყელა კვარცი იქმნება ტიტანისა და ოქროს კომბინაციით, ამ დროს ტიტანის მოლეკულები კვარცს ელექტროსტატიკური მუხტით უერთდება, ეს პროცესი მაგნეტრონული იონიზაციითაა ცნობილი.
საერთოში ასეთი მოკაშკაშე და უცნაური სახელებით ცნობილი მინერალები არ არიან ნატურალურად შექმნილები, მიუხედავად ამისა მათი ფერი იმდენად მოსწონს მყიდველს, როომ დაფერვის ფაქტს ყურადღებასაც არ აქცევენ. უბრალოდ თუ სადმე წააწყდებით ასეთ მინერალს და გეტყვიან რომ ნატურალურია გეცოდინებათ მისი შექმნის პროცესები და აღარ მოტყუვდებით.