რა არის ორგანული ქვა? – მარგალიტი, ქარვა, გიშერი…

მოგესალმებით მეგობრებო!
საკმაოდ დიდი ხანია ამ სტატიის დაწერაზე ვფიქრობ და სიმართლე გითხრათ ვერ მოვაბი თავი, არადა მარტივი თემაა და მიკვირს თუ როგორ იწვევს ბევრ ადამიანში ამხელა დაბნეულობას. ასე მგონია ერთხელ რომ გაეცნობით საკითხს, აღარასოდეს შეხვალთ შეცდომაში, ამიტომაც მოდით ნუღა დავაყოვნებთ და სათითაოდ გავეცნოთ ორგანულ ქვებს, რომლებიც არც ისე ბევრნი არიან ბუნებაში.

ქარვა

პირველ რიგში ყველასათვის საყვარელ ქარვაზე უნდა ვისაუბროთ. ეს ოქროსფერი მასა, უძველესი ხეების გაქვავებული (გამაგრებული) ფისია, რომელიც იმდენად მკვრივია, რომ მისი გაპრიალება და ამოტვიფრვაც არის შესაძლებელი. თუ გაქვთ ქარვის ნატეხი ან ნაკეთობა, შენიშნავდით, რომ ის საკმაოდ მჩატეა და უმეტეს შემთხვევაში ინარჩუნებს გარემოს ტემპერატურას, ამიტომაც ქარვის იმიტაციებს ან თუნდაც უბრალოდ ყვითელ პლასტმასს ხშირად ყიდიან ნატურალურ ქარვად.
ქარვის ნატურალურობის დადგენის ტრადიციული მეთოდის მიხედვით, თუ ქვა ნამდვილია, ხელზე გახახუნების შემდეგ მან წიწვების სუნი უნდა დატოვოს. ეს მეთოდი არაერთხელ მიცდია და ხშირ შემთხვევაში მოქმედებს, მაგრამ ყოფილა შემთვევები, როდესაც 100% ნატურალურ ქარვას არ დაუტოვებია სუნი, ამიტომაც ყოველთვის ჯობს ეს ქვა სპეციალისტთან შეამოწმოთ.
(ქარვის სრული სტატია)

BBC.com

მარგალიტი

მოგეხსენებათ მარგალიტი ყველა ეპოქის უმნიშვნელოვანესი და ერთერთი უსაყვარლესი ორგანული ქვაა. არამგონია ვინმეს გაუკვირდეს მისი ორგანულობა, რადგანაც საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მარგალიტი ნიჟარისმქონე მოლუსკების მეშვეობით ყალიბდება. არსებობს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ხარისხის მარგალიტი. ალბათ გაგონილი გექნებათ ფრაზები “მდინარის ან ზღვის მარგალიტი”. ხშირად მყიდველი იბნევა და მდინარის გაგონებაზე მიიჩნევს, რომ ქვა არაა ნატურალური, მინდა გითხრათ, რომ ამ ტერმინებით მხოლოდ მარგალიტის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება. მარგალიტის გაყალბება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მცდელობები არის, მაგალითად პერლამურტის საღებავიანი შუშის ბურთები, მაგრამ არამგონია მათი “ნატურალურობით” ვინმე მოტყუვდეს.
(მარგალიტის სრული სტატია)

www.smithsonianmag.com

სადაფი

მარგალიტის შემდეგ თავისთავად, მარგალიტის დედიკოზე – სადაფზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მოლუსკის ნიჟარის შიდა ნაწილი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში სადაფს ძვირფასი მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა ფუფუნების საგნების გასაფორმებელ მასალად უფრო იყენებდნენ, მას სამკაულშიც ხშირად ნახავდით. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ სადაფის ღილებს, თავისი განსაკუთრებული პეწი აქვთ. გაყალბებული სადაფი ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ მინახავს შეღებილი ვარიანტები, რაც საკმაოდ პოპულარულია. ნატურალური სადაფი შეიძლება იყოს თეთრი, კრემისფერი, მონაცრისფრო და უფრო მუქი ტონებიც.

sitn.hms.harvard.edu

გიშერი

ვინ არ იცის გიშერი? ყველამ ვიცით გიშერი, თითქოს ჩვენი კულტურის განუყრელი ნაწილია, არადა ბევრს უკვირს იმის გაგება, რომ გიშერი გამაგრებული ნახშირის სახეობაა, რომელიც მარტივად იჭრება, პრიალდება და ემსგავსება ქვას. მას არ აქვს კრისტალური სტრუქტურა, არის ძალიან მჩატე და მარტივად მსხვრევადი, ქარვასავით ინარჩუნებს გარემოს ტემპერატურას, ამიტომაც პლასტმასის გიშრად გასაღება მარტივია, მაგრამ ის საერთაშორისო ბაზარზე არაა აქტიურად მოთხოვნადი ქვა, შესაბამისად ყალბი ვარიანტები არ შემხვედრია და ნაკლებად სავარაუდოა რომ თქვენ შეგხვდეთ.
(გიშერის სრული სტატია)

Wikigempedia.com

მარჯანი

მარჯანი თითქოს სიმკვრივით გავს მინერალსო, მაგრამ ნუ მოტყუვდებით, ისიც ორგანული ქვაა, მეტსაც გეტყვით, მარჯანი კოლონიური ორგანიზმია, რომელიც ღრმა, თბილ წყალში იზრდება და ქმნის რიფებს. მარჯანი ქვას, მასში არსებული კალციუმის რაოდენობის გამო გავს. უმეტეს შემთხვევაში გვხვდება თეთრ, მოვარდისფრო და კრემისფერ ტონალობებში, არსებობს წითელი ფერიც, რომელიც საკმაოდ იშვიათი და ძვირფასია. დღეს ბაზარზე არსებული წითელი მარჯნის უმეტესობა შეღებილი თეთრი ან ვარდისფერი მარჯანია.
(სრული სტატია მარჯანზე)

4cs.gia.edu

ამონიტი

ამონიტი ჯავშნიანი, გადაშენებული უხერხემლოთა კლასის მოლუსკია, რომელიც დროთაგანმავლობაში სხვადასხვა მინერალის დახმარებით გაქვავდა. ხშირად მეკითხებიან ამონიტის ნატურალურობაზე და სიმართლე გითხრათ მიკვირს, ამონიტი ალბათ ერთერთი ყველაზე მარტივად ამოსაცნობი “ქვაა” რადგანაც არაა ქვა 🙂 ამონიტის მთელი სილამაზე იმაშია, რომ ნიჟარის სტრუქტურა აღიქმება როგორც ქვა, შესაბამისად ხელოვნური ნიჟარის შექმნა და შემდეგ გაქვავება ბევრად უფრო რთული საქმეა ვიდრე ნატურალური ამონიტის მოპოვება. მითუმეტეს, პატარა და საშუალო ზომის ამონიტი საკმაოდ ხელმისაწვდომია და დიდი რაოდენობით მოიპოვება.
ფასი მატულობს პირიტით გაქვავებული ამონიტის შემთხვევაში, როდესაც ქვა მთლიანად ოქრსფერია.
(სრული სტატია ამონიტზე)

ამოლიტი

ამოლიტი მანათობელი ამონიტის საბაზრო სახელია. დამახასიათებელი სიკაშკასშის გამო ამოლიტი ლაბრადორიტსა და ოპალში ხშირად ერევათ მაგრამ მისი ყალბი ვარიანტები ჯერ არ შემხვედრია.

Geology.com

ნაკლებად ცნობილი ორგანული ქვები

გარდა იმისა რომ მარჯანი ორგანული ქვაა, მისგან კიდევ ერთი სახის ორგანული ქვა იქმნება, როდესაც მარჯანს სხვა მინერალი ავსებს (ამონიტის მსგავსად). მარჯანი იფარება ან კალციტით ან კვარცით.

gemrockauction.com


არსებობს მსგავსი მეთოდით გაქვავებული დინოზავრის ძვლები და რა თქმა უნდა გაქვავებული ხეც ორგანული ქვების სიაში შედის.

მაშ ასე, ეს გახლდათ ორგანული ქვების სია, როგორც ხედავთ არც ისეთი ჩახლართული საკითხია და საკმაოდ მარტივად შეიძლება მასში გარკვევა.
თუ კითხვები გექნებათ იცით სადაც უნდა მიპოვოთ, მანამდე კი სასიამოვნო და შემეცნებით დღეს გისურვებთ.


სიყვარულით კელისგან <3

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *